ახალი ამბები

როცა ბავშვი იღუპება, ამაში დამნაშავე მთელი საზოგადოება ვართ – კალაძე

18 დეკემბერი, 2019 • 1156
როცა ბავშვი იღუპება, ამაში დამნაშავე მთელი საზოგადოება ვართ – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. როგორც მან დღეს, 18 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მომხდარის გამო დამნაშავე მთლიანად საზოგადოებაა. კალაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში აღარ არსებობს თანაგრძნობა, სიყვარული და სწორედ ამ გარემოში უწევთ მოზარდებს ცხოვრება.

“უბრალოდ,  მინდა  ყველამ გავიხსენოთ როგორები ვიყავით 15  წლის ასაკში. ყველას გამოვლილი გვაქვს ეს ასაკი და ყველას შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ რამხელა  ენერგია, ემოციები დუღდა  თითოეულ ჩვენგანში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა ცხოვრება და თითოეული მოვლენა, რომელიც ჩვენს ირგვლივ იყო დიდი გამოწვევა და ხშირად, შეიძლება ითქვას, ბრძოლაც კი.

ლუკაც  ასეთი იყო გარდატეხის ასაკში, რომელიც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი – რატომ? რისი გულისთვის? შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს თანაგრძნობა და სიყვარულის უნარი დავკარგეთ. მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ – ამას ხედავენ და ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება, რაც ძალიან ცუდია. როცა ბავშვი იღუპება, მგონია, რომ ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ – ჩვენ, ყველანი, იმიტომ, რომ ოჯახი, სკოლა და ასევე, სახელმწიფო ერთნაირად არის პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ლუკა სირაძის ოჯახს“, – აცხადებს კალაძე.

15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მან რამენიმე დღის წინ თბილისში სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

“მწვანე სკოლამ” პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც შენობაში უცნობი შევიდა და კედლებზე სხვადასხვა შინაარსის წარწერები დატოვა. როგორც კერძო სკოლამ განაცხადა, მათ ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით მიმართეს პოლიციას.

ლუკა სირაძე პოლიციამ გამოკითხვაზე სწორედ ამის შემდეგ დაიბარა. მის ოჯახს სამართლებრივ დახმარებას უწევს საია, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე პოლიციელების პირისპირ მშობლის გარეშე მარტო ორჯერ დარჩა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, უკანონოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი