ახალი ამბები

“გადაწყდა ამ უდიდეს რისკზე წასვლა” – 2 წლის ანიტას ინდოეთში გადაყვანა იგეგმება

17 დეკემბერი, 2019 • 1321
“გადაწყდა ამ უდიდეს რისკზე წასვლა” – 2 წლის ანიტას ინდოეთში გადაყვანა იგეგმება

2 წლის ანიტა ფაცაციას ავსტრიიდან ინდოეთში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მისმა მშობლებმა მიიღეს. როგორც ფეისბუქ-ჯგუფში #ანიტასთვის ვკითხულობთ, ავსტრიაში, იმ საავადმყოფოს ექიმები, სადაც ამჟამად ანიტა იმყოფება, კატეგორიულ წინააღმდეგობას გამოხატავენ ბავშვის ინდოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით და უარს ამბობენ ე.წ. “ბერლინის გულის” ჩაყენებაზე. “ბერილინის გული” სპეციალური აპარატია, რომელიც გულის მოქმედებას აუმჯობესებს და რომლის დახმარებითაც 2 წლის მოზარდის ინდოეთში გადაყვანა შედარებით უსაფრთხო გახება.

“დღეს ავსტრიაში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ სთხოვეს ავსტრიის სახელმწიფოს, ე.წ. “ბერლინის გული” ჩაეყენებინათ ანიტასთვის, რის შემდეგაც მოხდებოდა მისი უსაფრთხო ტრანსპორტირება ინდოეთამდე, თუმცა მორიგი უარის მიღების შემდეგ გადაწყდა ამ უდიდეს რისკზე წასვლა”, – ვკითხულობთ ანიტას ახლობლის, მარიკა ხუციშვილის მიერ გავრცელებულ ფეისბუქ-პოსტში.

ხუციშვილის განმარტებით ავსტრიიდან ინდოეთამდე მგზავრობას 12 საათი დასჭირდება, მგზავრობის საფასური კი 110 580 დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, საჭიროა ანიტას ოჯახის წევრების საბუთების მომზადება იმისთვის, რომ მათ ინდოეთში წასვლა შეძლონ, რაც დროსთან არის დაკავშირებული.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ინდოეთის ერთ-ერთი კლინიკა 2 წლის მოზარდისთვის ოპერაციის გაკეთებას დათანხმდა.

2 წლის ანიტა უკვე რამდენიმე თვეა მძიმე დიაგნოზს, დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძვის, რომლის შედეგადაც მისთვის აუცილებელია გულის გადანერგვა. ამ ეტაპზე ერთადერთი ქვეყანა, რომელიც გულის გადანერგვის ოპერაციას დათანხმდა, ინდოეთია. ანიტას ოჯახის წევრების ინფორმაციით, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე 2 წლის მოზარდის გადაადგილება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი