ახალი ამბები

კალაძე: ჩემთვის ევროპა ის სივრცეა, სადაც არ იტაცებენ ექიმებს

14 დეკემბერი, 2019 • 2194
კალაძე: ჩემთვის ევროპა ის სივრცეა, სადაც არ იტაცებენ ექიმებს

თბილისის მერმა და პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა მიულოცა 14 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს საქართველოს თავმჯდომარეობა ევროსაბჭოში და აღნიშნა, რომ მისთვის ევროპა არის სივრცე, სადაც აფასებენ ადამიანს და არ იტაცებენ ექიმს: 

“პირადად ჩემთვის ევროპა ის სივრცეა, სადაც აფასებენ ადამიანს, როგორც ყველაზე ღირებულს, არ არღვევენ მის უფლებებს და არ იტაცებენ ექიმებს”. 

მან მხარდაჭერა გამოუცხადა ცხინვალში დაკავებულ ქართველი ექიმს და მის ოჯახს: “თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს და ჩვენი მხარდაჭერა მას და მის ოჯახს”. 

„საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის არა“, — ასე გამოეხმაურა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი  გუშინ „ქართული ოცნების“ დაგეგმილ ღონისძიებას.

„მინდა, მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე – ის, რომ ალფაბეტის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ძალიან საზეიმოა. მაგრამ საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის არა“, – თქვა გაფრინდაშვილის ცოლმა, თამილა ლაფანაშვილმა.

მისი ამ განცხადების და ხელისუფლების კრიტიკის შემდეგ თბილისის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძემ  ფეისბუკზე ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის ოჯახს პროვოკატორები უწოდა და აგინა. 

ამ გინებას “ქართული ოცნების” ლიდერები არ გამოხმაურებიან, მხოლოდ გია ვოლსკიმ აღნიშნა ტვ “პირველთან” საუბარში რომ საკრებულოს წევრის მხრიდან ეს “ზედმეტი ემოცია იყო და მიუღებელიაო”, თუმცა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე დასმულ კითვაზე გაღიზიანდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი