ახალი ამბები

უკანონო ბრძანებების შემსრულებლებზე სანქციები და სხვა-კაპანაძე დიპლომატებთან შეხვედრაზე

14 დეკემბერი, 2019 • 778
უკანონო ბრძანებების შემსრულებლებზე სანქციები და სხვა-კაპანაძე დიპლომატებთან შეხვედრაზე

ახლახანს დასრულდა ოპოზიციის შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. შეხვედრა საარჩევნო სისტემასა და 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხება. 

„ევროპული საქართველოს“ წევრისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიციის მიზანი „უკანონო ბრძანებების შემსრულებელი“ პირების წინააღმდეგ „ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან“ „პერსონალური სანქციების გავრცელებაა“. ამის შესახებ მან შეხვედრის შემდეგ განცახადა.

„ჩვენ გვაქვს მცდელობა და სურვილი, და ამას მივაღწევთ აუცილებლად, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ უკანონობაში მონაწილეობს, იქნება ეს სპეციალურად დაგეშილი მიგზავნილი მოძალადე, იქნება ეს პოლიციის თანამშრომელი, იქნება ეს პროკურორი თუ სხვა, რომლებიც უკანონო ბრძანებებს ასრულებენ, მაგალითად იძლევიან ცრუ ჩვენებებს სასამართლოში, მაგალითად იყენებენ თავიანთ ინსტრუმენტებს, იმიტომ რომ პოლიტიკური ზეწოლა განახორციელონ, რომ ამ ადამიანებზე მივაღწიოთ პერსონალური სანქციების გავრცელებას ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან, იქნება ეს სავიზო თუ სხვა შეზღუდვები“.

გარდა ამისა, კაპანაძის თქმით, მათ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს ქვეყანაში მიმდინარე ვითარება გააცნეს და დიალოგის ამ ფორმატის გაგრძელებას აპირებენ:

„ჩვენი ამოცანა იყო, რომ ინფორმაცია მიგვეწოდებინა ჩვენი პარტნიორებისთვის იმაზე რაც ხდება ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ ძალადობაზე, განსაკუთრებით იმაზე როგორ იყენებენ ტიტუშკებს და კონტრაქციებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, როგორ ხდება დაკავება, დემონსტრაციის მონაწილე მშვიდობიანი მოქალაქეების მშვიდობინი დემონსტრაციის მონაწილეების, როგორი ძალადობა იყო იგივე გიგი უგულავას წინააღმდეგ“; „ეს დიალოგი გაგრძელდება მომავალშიც და ჩვენ დეტალურად, ჩვენ რეგულარულად მივაწვდით ხოლმე ყველა ამ დარღვევების, ყველა დაკავებულის შესახებ ინფორმაციას, ყველა იმ სამართალდამრღვევის შესახებ ინფორმაციას, რომელიც ამაში მონაწილეობს ქართული ოცნების მხრიდან“.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, „დიპლომატიურმა კორპუსმა მოისმინა და თავისი თვალით ნახა ყველაფერი“. გარდა ამისა, ნათელაშვილის თქმით, თავისი გამოსვლისას აქცენტი გააკეთა „ივანიშვილის მილიარდების დაყადაღებაზე ევროპის ბანკებში“. მისივე განცხადებით, რაც მალე იქნება დაპატიმრება და ფინანსური სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ, რუს ოლიგარქებთან ბრძოლის ფარგლებში, როგორც ეს რომან აბრამოვიჩისა და ოლეგ დერიპასკას და სხვების შემთხვევაში იყო, მით უფრო მალე გადავა საქართველო განვითარების იმ საამაყო გზაზე, რომლისთვისაც მთელი ერი ამდენი ხნის განმავლობაში იბრძვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი