კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან “ტაბულას” ლიცენზიების გადაცემის საკითხზე ჯერ ოფიციალური პასუხი არ მიუღია.
GNCC–ში განმარტავენ, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, 2015 წლის 17 ივნისიდან საქართველოში მაუწყებლობაზე ლიცენზირების რეჟიმი საერთოდ უქმდება და ამ დროიდან მაუწყებლობის დაწყება ავტორიზაციის პროცედურასთან იქნება დაკავშირებული.
თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ამჟამად “ტაბულა” 3 ლიცენზიას ფლობს. აქედან ერთი ლიცენზიით ტელეკომპანია მაუწყებლობს თბილისში და რეგიონებშიც საკაბელო ოპერატორების საშუალებით.
რაც შეეხება დანარჩენ 2 სიხშირეს, ტელეკომპანიის დირექტორის განცხადებით, ისინი ფარავენ ქუთაისს, ბათუმს, გორს, საჩხერეს და სენაკს. ეს სიხშირეები “ტაბულას” მიქირავებული ქონდა ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის “კომედი არხისთვის” და რადგან საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიები იყო, ეს მათ ავალდებულებდა ნიუსის, ასევე საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემების წარმოებას; ამიტომაც მაშინ “კომედი არხი” მაუწყებლობდა დღე–ღამეში 12 საათის განმავლობაში, დანარჩენი 12 საათი კი – “ტაბულა”.
“ტაბულას” იურისტი ამბობს, რომ გასული წლის ოქტომბერში ამ 2 ლიცენზიის სტატუსი შეიცვალა და სპეციალიზებული ტელემაუწყებლობის ლიცენზიად გადაკეთდა. ჩერგოლეიშვილის განმარტებით, ამის შემდეგ მათ საინფორმაციო პროგრამების გაშვების ვალდებულება მოეხსნათ და 24 საათის განმავლობაში “კომედი არხი” მაუწყებლობდა.
ტელეკომპანიის დირექტორი ამბობს, რომ “რუსთავი 2” ამ სიხშირეებით არის დაინტერესებული, “ტაბულას” კი ფინანსური რესურსების მობილიზაცია სურს. ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ ორივე სიხშირე, თავისი ინფრაქტრუქტურით, “რუსთავი 2″–ს მიყიდონ. თუმცა, ჩერგოლეიშვილის განმარტებით, GNCC-ის წარმომადგენლებთან სატელეფონო კომუნიკაციისას მათ უთხრეს, რომ “ტაბულა” ლიცენზიის პირობებს არღვევდა, რაც ამ ლიცენზიების გადაპირებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი იქნებოდა.
თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ლიცენზიის დარღვევად მარეგულირებელმა დაასახელა ის ფაქტი, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ლიცენზიის სტატუსი შეიცვალა, ამ ორ სიხშირეზე “ტაბულას” პროდუქცია აღარ გადიოდა. ჩერგოლეიშვილის განმარტებით, კანონი მსგავს მოთხოვნებს არ აყენებს.
ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია GDS–ის მაგალითს იხსენებს და ამბობს, რომ ამ ტელეკომპანიაზე თავის სიხშირეებს “პირველი სტერეო” აქირავებს. თავიდან GDS–ს სპეციალიზებული („გასართობი“) ლიცენზია ქონდა, მოგვიანებით კი საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.
“მე თუ ვარღვევ და ჩემთვის თუ პრობლემაა, GDS ზუსტად იმავეს აკეთებს პირველ სტერეოზე. გამოდის, პირველი სტერეოც არღვევს. მაგრამ რატომ GDS–ისთვის არ არის პრობლემა ის, რაც ჩემთვის არის. ამასთან, მე თუ ლიცენზიის პირობებს ვარღვევ, მარეგულირებლს აქვს ვალდებულება, მე გამაფრთხილოს. ეს ხდება ოქტომბრის შემდეგ. მე არც ერთი გაფრთხილება არ მიმიღია მარეგულირებლისგან,”– ამბობს ჩერგოლეიშვილი “ნეტგაზეთთან”.
მან დღეს Facebook–ის საშუალებით გაასაჯაროვა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ აბაშიძისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც აცხადებს, რომ “შეიძლება ითქვას, აღნიშნული ფაქტის შეფასება კომისიის მიერ, როგორც ლიცენზიის პირობების დარღვევა, იქნება არა მხოლოდ კანონის შემადგენლობის გაფართოება, არამედ პოლიტიკური დისკრიმინაციის თვალსაჩინო მაგალითი, რადგან ტელეკომპანია “ტაბულა” დღეისთვის დომინანტი პოლიტიკური ძალისთვის არასასურველ ორგანიზაციას წარმოადგენს”.
ჩერგოლეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა კომუნიკაციების ეროვნული კომისია. კომისიაში “ტაბულას” მოთხოვნას “ბუნდოვანს” უწოდებენ:
“ვინაიდან მაუწყებლობის ლიცენზიები 17 ივნისს უქმდება და ყველა არსებული მაუწყებელი ავტორიზებული პირი გახდება, კომისიისთვის ბუნდოვანია ლიცენზიის გადაცემასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ტაბულას“ მოთხოვნის მოტივი, თუმცა კომისია აღნიშნულ საკითხზე ერთ-ერთ უახლოეს სხდომაზე საჯაროდ იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას,”– აცხადებენ კომისიაში.
განცხადებაში არ ჩანს, ნამდვილად შედგა თუ არა “ტაბულასა” და GNCC–ის წარმომადგენლებს შორის იმ შინაარსის მოლაპარაკება, რაზეც ჩერგოლეიშვილი საუბრობს.
“კომისიას ყველა ლიცენზიის მფლობელთან და ავტორიზებულ პირთან მჭიდრო, ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს,”– წერია GNCC-ის განცხადებაში.
კომისიის განცხადებით, ტელეკომპანია “ტაბულას” მოთხოვნასთან არც კომისიის გადაწყვეტილება და არც რაიმე ოფიციალური მოთხოვნა ტელეკომპანიაში გაგზავნილი არ არის.
კანონმდებლობის თანახმად, კომისიას საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად ერთთვიანი ვადა აქვს, რაც ჯერ არ ამოწურულა.