IFC-ის 10 წლიანი სუბორდინირებული სესხი, 90 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 20 მილიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის შექმნილი ევროპული ფონდიდან (EFSE) იქნა მოზიდული, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ფინანსური მომსახურების გაფართოებას საქართველოში, სადაც ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. დაფინანსების შედეგად მოსალოდნელია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ზრდა.
`მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა წარმატებით დაასრულა მისი არსებობის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დაფინანსების გარიგება,” განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა. `ხსენებული სუბორდინირებული სესხი კიდევ უფრო გააუმჯობესებს მთლიანად ბანკის კაპიტალიზაციას და ხელს შეუწყობს ბანკის შემდგომ ზრდას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი დიდი ხნის პარტნიორს, IFC-ის, მუდმივი თანამშრომლობისთვის.”
ეს დაფინანსება საშუალებას მისცემს საქართველოს ბანკს, რომელიც რეგიონში IFC-ის დიდი ხნის პარტნიორია, და საკმაოდ ბევრ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს უწევს საბანკო მომსახურებას, მოიზიდოს კიდევ უფრო მეტი კლიენტი ამ სფეროდან. პროექტი ასევე დაეხმარება ბანკს სტრატეგიული მიზნის მიღწევაში, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობასა და საცალო საბანკო მომსახურების ზრდას.
`ეს სესხი ხელს შეუწყობს საქართველოს ბანკს დააფინანსოს კიდევ უფრო მეტი მცირე საწარმო საქართველოში. სწორედ კერძო სექტორი წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელ ძალას, მაგრამ ხშირად მას ნაკლებად მიუწვდება ხელი კაპიტალზე, რომელიც მას გაფართოების საშუალებას მისცემს,” განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა. `ეს პროექტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ჩვენი სტრატეგიის განხორციელების გზაზე. ამ სტრატეგიის ერთი ნაწილი საფინანსო სექტორის მხარდაჭერის მიზნით პარტნიორების რესურსების მობილიზებას ითვალისწინებს, რაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებას და სიღარიბის დონის შემცირებას შეუწყობს ხელს.”
საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ, IFC-ის გრძელვადიანმა ინვესტიციებმა საქართველოში 665 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 51 პროექტში. ამ თანხიდან 272 მილიონი აშშ დოლარი პარტნიორებისგან იქნა მოზიდული. გარდა ამისა, IFC-მ 292 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სავაჭრო ტრანზაქციებს შეუწყო ხელი სავაჭრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში. IFC საქართველოში ასევე ახორციელებს საკონსულტაციო პროექტებს, რომლებიც კერძო სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად.