ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ამნისტია, ბირთვული ნარჩენების შესახებ კანონი და სხვა სადავო საკითხები სამხრეთ ოსეთში

31 მაისი, 2015 •
ამნისტია, ბირთვული ნარჩენების შესახებ კანონი და სხვა სადავო საკითხები სამხრეთ ოსეთში

მაისის ბოლოს ოსურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრად, შესაძლოა, დაინიშნოს ამჟამინდელი მოვალეობის შემსრულებელი კაზბულათ ცხოვრებოვი. ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განუცხადა. თავად ცხოვრებოვი თავისი საქმიანობის პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთკავშირს ასახელებს.

 

დმიტრი ივაკო

 

ამავდროულად, საინფორმაციო პორტალ “ეკო კავკაზას” ვებ-გვერდზე სკანდალური ინტერვიუ გამოქვეყნდა ინფორმაციის, კავშირგაბულობისა და მასობრივი კომუნიკაციების სახელმწიფო კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარე დმიტრი ივაკოსთან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იძებნებოდა და, მისივე თქმით, დაპატიმრებული იყო ჩრდილო-ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არტურ ახმედხანოვის ბრძანებით. 10 თვე, სანამ გამოძიება გრძელდებოდა, დმიტრი ივაკო პატიმრობაში იმყოფებოდა. სასამართლომ დაკავებულის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა და ის გაათავისუფლეს.

 

2011 წლის არჩევნებზე დმიტრი ივაკო მუშაობდა ცესკოს და მისი პრეს-ცენტრის ტექნიკურ და ტექნოლოგიურ უზრუნველყოფაზე. ივაკოს თქმით, მოსკოვიდან ჩამოსული კურატორების ამოცანა იყო პრეზიდენტის სავარძლის ანატოლი ბიბილოვისთვის ჩაბარება. მაშინ ვავილოვმა, რუსეთის ცესკოს თავმჯდომარის, ვლადიმირ ჩუროვის მოადგილემ, სამხრეთ ოსეთში ცესკოს ტექნოლოგიების სპეციალისტები ჩაიყვანა, რომლებსაც შეუძლებელი, სასწაული უნდა ჩაედინათ. მათთან ერთად დმიტრი ივაკო აყალბებდა საპარლამენტო არჩევნებს ჯერ კიდევ 2009 წელს. ივაკო, ასევე, მონაწილეობდა პოლიტიკური პარტია “სახალხო პარტიაზე” თავდასხმაში 2009 წლის აპრილში (ამის მოწმე იყო ამავე სტატიის ავტორი).

 

ივაკო ირწმუნება, რომ არჩევნების გაყალბება ადვილია, თუკი მხოლოდ საინფორმაციო ცენტრში იმუშავებ, სადაც წინასწარაა გაწერილი შუალედური შედეგები და ერთადერთი დასურათება, რაც პროცესის დროს კეთდება, ეს ხმის მიცემის მიმდინარეობას ეხება.

 

“ყველას ვაჩვენებდი იმ ნამდვილ ციფრებს, რომლებიც დღეების მანძილზე ადვილად მტკიცდებოდა. ანუ ფსიქოლოგიურად ის მთელი დღის მანძილზე მოიპოვებდა მათ ნდობას და როცა უკვე წავიდა წინასწარი შედეგების ნაკადი, მათ მიერ მოწოდებული მონაცემები (მხედველობაში მაქვს გაყალბებული მონაცემები, რომლებიც მიეწოდებოდა წინასწარი ციფრების შემდეგ) უკვე აღარ იწვევდა არავითარ ეჭვს ხალხში, რომლებიც მთელი დღის მანძილზე იღებდნენ სწორ ინფორმაციას. ინფორმაცია წავიდა, ის – პირველი წყაროა, ყველა საინფორმაციო სააგენტო იწყებს მის ციტირებას და მორჩა,” – განუცხადა ივაკომ საინფორმაციო პორტალ “ეხო კავკაზას”.

 

დმიტრი ივაკოს თქმით, ისინი ცესკოს თანამშრომლებს “ბრმად” იყენებდნენ. იგი ირწმუნება, რომ სამხრეთ ოსეთის ცესკოსთან არავის ჰქონია მოლაპარაკება, მათ არც კი იცოდნენ, რა ხდებოდა, ამიტომაც ისინი ასე პატიოსნად ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს და ენთუზიაზმით აკეთებდნენ განცხადებებს.

 

ამ ფაქტების გამოაშკარავების მიზეზად სახელმწიფო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ასახელებს იმას, რომ ის არის რაღაც საიდუმლოების მცველი, რის გამოც “ანკესზე ჰყავთ წამოგებული”, რათა დუმდეს და არაფერი თქვას. ივაკო დარწმუნებულია, რომ თუკი ამ საიდუმლობებს ჩამოიშორებს, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

ცხინვალი: ფოტო: http://cominf.org/
ცხინვალი: ფოტო: http://cominf.org/

ამნისტია

 

დიდი სამამულო ომის 70 წლისთავთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთში შეიწყალეს და გაათავისუფლეს 10 მსჯავრდებული. მანამდე, 29 აპრილს რესპუბლიკის პარლამენტმა ამნისტიის შესახებ დადგენილება მიიღო, რომელიც პირველია 2012 წლის ივნისის შემდეგ.

 

შეწყალებულთა რაოდენობის შესახებ ჟურნალისტებს სამხრეთ ოსეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა. მისი თქმით, ამ სიაში მოხვდა რესპუბლიკის ერთი მცხოვრები, რომელიც გაასამართლეს რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ მოგვიანებით გადასცეს ცხინვალის #1 გამასწორებელ კოლონიას.

 

ამას გარდა, ამნისტიის ნიადაგზე შეწყდება რვა სისხლის სამართლის საქმის ძიება გენერალურ პროკურატურაში. ასევე, 10 ადამიანს, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის არიან გასამართლებული, შეუმცირდება სასჯელი, – ამის შესახებ იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “კავკაზსკი უზელი” გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით.

 

დღესდღეობით ცხინვალის #1 გამასწორებელ კოლონიაში სასჯელს 45 ადამიანი იხდის.

 

ამნისტია არ შეეხო საქართველოს მოქალაქე ჯემალ მიდელაშვილს, რომელიც ლენინგორში [ახალგორში], საკუთარ სახლში 2009 წლის 22 ნოემბერს დააპატიმრეს. ის პატიმრობაშია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ა, ბ, ვ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს “ადამიანის გატაცებას”. უფლებადამცველების თქმით, რომლებიც ვინაობას არ ამხელენ, მიდელაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, აქედან 5 წელი მან უკვე მოიხადა. მიდელაშვილი მეორე ჯგუფის ინვალიდია და უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ მისი სასჯელის ვადა უნდა შემცირდეს, თუმცა მისი საქმე უცვლელად დარჩა.

 

ბირთვული ნარჩენების შესახებ

 

29 აპრილს, სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მორიგი სხდომის დროს მიიღეს კანონპროექტი “წიაღისეულის მოპოვების შესახებ სამხრეთ ოსეთში”. ოსური მედია იმ დღეს იტყობინებოდა, რომ ახალ კანონში მნიშვნელოვანი დამატებაა, რომლითაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იკრძალება რადიოაქტიური, ტოქსიკური და სხვა საშიში ნარჩენების გამოყენება, რაც საზღვარგარეთიდან შემოდის.

 

თუმცა ეს სიახლე თავდაპირველად სხვაგვარად დაიწერა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ “სამხრეთ ოსეთის პარლამენტში იყო დისკუსია ბირთვული და ტოქსიკური ნარჩენების შესაძლო შემოტანის საკითხზე”. სოციალურ ქსელებში გაჩაღდა ცხარე დისკუსია. ბლოგერმა ალან პარასტაევმა მოასწრო სქრინშოტის გაკეთება და თავის ბლოგზე გამოქვეყნება თავისივე კომენტარებით.

 

ცალკეული არარეგისტრირებული პარტიების მიერ მიღებული იქნა მიმართვები, რომლებშიც სამართლიანად იყო გამოთქმული შეშფოთება იმის გამო, რომ სამხრეთ ოსეთის პარლამენტს შეეძლო გამოუსწორებელი ეკოლოგიური ზიანი მოეტანა.

 

გარკვეული დროის შემდეგ ეს განცხადებები გაქრა და მის ნაცვლად რედაქტირებული ვარიანტი გაჩნდა, რომელშიც ხაზგასმულია, რომ “სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იკრძალება რადიოაქტიური, ტოქსიკური და სხვა საშიში ნარჩენების შემოტანა უცხოეთიდან”.

 

ალან ჯუსოევმა, საზოგადოებრივი მოძრაობის “შენი არჩევანი – ოსეთი” ხელმძღვანელმა, არ დაიჯერა, რომ პარლამენტს თეორიულად შეეძლო თანხმობის მიცემა ბირთვული ნარჩენების შემოტანაზე. მან ჟურნალისტებს ასეთი კომენტარი მისცა: “სრულიად წარმოუდგენელია მსგავსი პროექტების განხილვა. რადიოაქტიური ნარჩენების უტილიზაცია – ეს ძალიან ძვირადღირებული პროექტია. ბირთვული ნარჩენების ტრანსპორტირება, გადამუშავება და შენახვა რეგულირდება საერთაშორისო აქტებით, ექვემდებარება საერთაშორისო ორგანიზაციების კონტროლს, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხრიდან”, – განაცხადა ჯუსოევმა.

 

თუმცა ერთი თვის შემდეგ, 27 მაისს, ოფიციალურ ოსურ მედიაში ახალი შეტყობინება გამოჩნდა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო-სამართლებრივი სამმართველოსგან, რომელშიც ნათქვამია: “ზემოთ აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით (ნათქვამი იყო იმაზე, რომ კანონში პირდაპირ არაა აკრძალული რადიოაქტიური ნივთიერებების შემოტანა, არამედ მათი გამოყენება) და რესპუბლიკის საზოგადოების რეაქციის გამო მიღებულ კანონზე, რაც გამოიხატა მრავალრიცხოვან პუბლიკაციებში და ინტერნეტსაზოგადოების კომენტარებში, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულია, ამოღებული იქნას აბზაცი, რომელიც დასაშვებს ხდის რესპუბლიკაში რადიოაქტიური, ტოქსიკური და საშიში ნარჩენების შემოტანას”.

ექსპერტისა და ბლოგერის, ალან პარასტაევის თქმით, ეს ნიშნავს, რომ იქ, “ზემოთ”, როგორც ჩანს, მაინც უსმენენ ხალხის, საზოგადოების, ბლოგერების და, ზოგადად, ადამიანების აზრს.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი