ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჟენევის დისკუსიების მთავარი თემა გაფრინდაშვილის საკითხი იყო- საგარეო

11 დეკემბერი, 2019 • 1324
ჟენევის დისკუსიების მთავარი თემა გაფრინდაშვილის საკითხი იყო- საგარეო

საქართველომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდთან დაკავშირებით ​განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა “ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი”.

ქართული მხარის ცნობითვე, ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ერთხმად მოითხოვეს ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ტყვეობიდან.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომელიც ჟენევაში 10-11 დეკემბერს განიხილეს, ოფიციალური ცნობით, ასე გამოიყურება:

❗️ საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა საკითხი ბოლო დროს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით უკიდურესად გართულებული ვითარების შესახებ.

❗️ თანათავმჯდომარეებმა, მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან, მკაცრად დაგმეს 24 ოქტომბერს საოკუპაციო ძალების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონიტორების უკანონო დაკავება საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

❗️ ბოლო დროს გახშირებული პროვოკაციების ფონზე ხაზგასმით აღინიშნა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) წინაპირობების გარეშე, ფუძემდებლური პრინციპებისა და წესების სრული დაცვით აღდგენის აუცილებლობა.

❗️ განსაკუთრებულად აღინიშნა გალისა და ახალგორის რაიონებში შექმნილი რთული ჰუმანიტარული მდგომარეობა, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე დაწესებული შეზღუდვებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დანარჩენი საქართველოსგან იზოლირების კონტექსტში.

❗️ საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის საკითხი, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიზანმიმართული რუსიფიკაციის ნაწილი.

❗️ კვლავ დაისვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი.

❗️ საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციას და დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით, რითაც უხეშად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

❗️საქართველოს დელეგაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების გარანტირება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც ამავდროულად, შექმნის მდგრად საფუძველს გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

❗️ ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან ყურადღება გამახვილდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თემის საგნობრივი განხილვის აუცილებლობაზე. თუმცა, რუსეთის დელეგაციის წაქეზებითა და თაოსნობით, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან კვლავ სცადეს აღნიშნული ჰუმანიტარული თემის პოლიტიზირება და დატოვეს მოლაპარაკებები.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 31 მარტსა და პირველ აპრილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი