ახალი ამბები

“ცუდი პარალელები მახსენდება, მაგალითად, ენმ-ის შეკრება სტადიონზე” – ჩუგოშვილი “ოცნების” აქციაზე

11 დეკემბერი, 2019 • 1523
“ცუდი პარალელები მახსენდება, მაგალითად, ენმ-ის შეკრება სტადიონზე” – ჩუგოშვილი “ოცნების” აქციაზე

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი “ქართული ოცნების” მიერ 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს პრაქტიკა ცუდ პარალელებს ახსენებს. ჩუგოშვილის თქმით, ერთ-ერთ მსგავს მაგალითად წლების წინ ხელისუფლებაში მყოფი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სტადიონზე შეკრება ახსენდება.

დეპუტატის მოსაზრებით, უმრავლესობამ უნდა გაიაზროს, რომ ქვეყანა ასე არ იმართება. ის ასევე მიანიშნებს მმართველი გუნდის მიერ პოლიტიკური პროცესის არასწორად წაყვანაზე:

“როდესაც ხელისუფლება ცდილობს ასეთი ფორმით ძალის დემონსტრირებას, ვის უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს და როგორ ჰყავს შეკრებილი ისინი, ცუდი პარალელები მომდის თავში. მაგალითად, მახსენდება “ნაციონალური მოძრაობის” შეკრება სტადიონზე. თუ გახსოვთ, სტადიონზე ძალით ჩამოიყვანეს ხალხი, რათა მომხდარიყო ძალის დემონსტრირება, რომ მათ ჰყავდათ მხარდამჭერები.

ასეთი რამ ხდება საჭირო მაშინ, როცა პოლიტკური პროცესი მიგყავს არასწორად და სხვა გზა, გარდა ვიღაცების ფიზიკურად გაკავებისა, არ გაქვს. ჩემთვის ეს სახიფათო პროცესია. პირველ რიგში, მინდა, უმრავლესობამ გაიაზროს, რომ ასე არ შეიძლება. ქვეყანა ასე არ იმართება. როდესაც კუნთების თამაშით ელაპარაკებიან ერთმანეთს, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პროცესებს ვერ მართავ ჯანსაღი სამუშაო პოლიტიკური პროცესით”, – ამბობს თამარ ჩუგოშვილი გადაცემაში “პოლიტმეტრი”.

“ქართული ოცნება” თბილისში 14 დეკემბერს აქციის გამართავს. როგორც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ თქვა, თბილისში გამართულ შეკრებას პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. შეკრების ოფიციალური მიზეზი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის აღნიშვნაა.

2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა. ის აერთიანებს ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ან მათ მუდმივ დიპლომატიურ წარმომადგენლებს სტრასბურგში. ის განსაზღვრავს ევროპის საბჭოს პოლიტიკას, ამტკიცებს ორგანიზაციის ბიუჯეტს და საქმიანობის პროგრამას.

მასალების გადაბეჭდვის წესი