ახალი ამბები

“ვფიქრობთ, ახალ წელს ყველა ოჯახთან უნდა შეხვდეს” – ლავროვის მოადგილე გაფრინდაშვილზე

11 დეკემბერი, 2019 • 888
“ვფიქრობთ, ახალ წელს ყველა ოჯახთან უნდა შეხვდეს” – ლავროვის მოადგილე გაფრინდაშვილზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის დისკუსიებში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წევრი ანდრეი რუდენკო ექიმ ვაჟა გადრინდაშვილზე, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში პატიმრობაში იმყოფება, ამბობს, რომ ეს ჰუმანიტარული საკითხია და მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს.

რუდენკო აღნიშნავს, რომ ამ საკითხის დღის წესრიგიდან უახლოეს მომავალში მოხსნა ყველას ინტერესში შედის და იმედი აქვს, ექიმი მალე დაუბრუნდება ახლობლებს:

“რაც შეეხება თქვენს ექიმს, მისი საკითხი ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი იყო. მოვისმინეთ ორივე მხარის შეხედულებები, გვაქვს იმედი, რომ უახლოეს პერიოდში ბატონი გაფრინდაშვილი თავის ახლობლებს დაუბრუნდება.  ყველას ინტერესშია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას. როგორ გათავისუფლდება, ამას მე ნუ მკითხავთ. ის, როგორც იცით, კრემლში არ იმყოფება და არის სხვაგან.

ოკუპაციის თემაზე თქვენთან დისკუსიაში არ შემოვალ, რადგან აქ ჩვენი პიზიციები ძირფესვიანად განსხვავდება. ჩვენ ვთვლით, რომ სამხრეთ ოსეთი შედგა 2008 წელს, ამიტომ ყველანაირი საუბარი ამ თემაზე ჩვენთვის დახურულია. რაც შეეხება გაფრინდაშვილის საკითხს, ეს ჰუმანიტარული თემაა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს”,- განაცხადა ანდრეი რუდენკომ (თარგმანი, საზოგადოებრივი მაუწყებელი).

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი თვის წინ გაიტაცეს და “საზღვრის კვეთას” ედავებიან. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი