ახალი ამბები

შსს-ს თქმით, აეროპორტის ინციდენტზე ბრალი უგულავას გარდა კიდევ 1 პირს წარედგინა

11 დეკემბერი, 2019 • 1912
შსს-ს თქმით, აეროპორტის ინციდენტზე ბრალი უგულავას გარდა კიდევ 1 პირს წარედგინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე გიგი უგულავას გარდა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ცემა) კიდევ ერთ პირს წაუყენეს, რომელიც მეორე დაპირისპირებული მხრიდან იყო.

უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ გოკა გაბაშვილს, რომელიც ინციდენტის დროს გიგი უგულავასთან ერთად იმყოფებოდა, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

გიგი უგულავამ და გოკა გაბაშვილმა დღეს დილით განაცხადეს, რომ უცნობი პირები მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-მ კი გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.

აღნიშნულ საქმეზე გიგი უგულავას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წაუყენეს, რაც ცემას გულისხმობს.

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი ეხება ძალადობას, პირველი ნაწილი კი გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი