ახალი ამბები

151 მოკლული ქალი 6 წელიწადში – როგორ პასუხობს სახელმწიფო ფემიციდს

11 დეკემბერი, 2019 • 3389
151 მოკლული ქალი 6 წელიწადში – როგორ პასუხობს სახელმწიფო ფემიციდს

ფემიციდი გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობას გულისხმობს და სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში 151 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით სახელმწიფოს მიდგომა ნაკლოვანია. უპირველესად კი იმიტომ, რომ არ არსებობს სტატისტიკის მოგროვების ერთიანი და გამართული გზა, რომელიც სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინაციას გაამარტივებდა. რაც თავის მხრივ, ფემიციდთან ბრძოლას უფრო ეფექტურს გახდიდა.

151 მოკლული ქალი – როგორია სტატისტიკა

სახალხო დამცველმა თავისი ანგარიშისთვის ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და სასამართლოს გამოსთხოვა. ამ მონაცემებით ჩანს, რომ ფემიციდის ან ქალთა მკვლელობის მცდელობის შემთხვევების დიდ ნაწილს თან სდევს ოჯახში ძალადობა.

მაგალითად, 2014-2018 წლებში საქართველოში 135 ქალი მოკლეს. ამ მკვლელობებიდან 64 შემთხვევაში გამოიკვეთა ოჯახური დანაშაული, ხოლო 71 შემთხვევაში- სხვა მოტივი. გარდა მკვლელობებისა, ამავე წლებში მკვლელობის მცდელობის 69 ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 46 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ოჯახურ ძალადობას.

რაც შეეხება 2019 წლის 10 თვის მონაცემებს, რომელიც ომბუდსმენმა სამართლდამცავი უწყებებიდან გამოითხოვა, ქვეყანაში 16 ქალი მოკლეს, საიდანაც 9 შემთხვევაში ოჯახში ძალადობის ფაქტი გამოვლინდა.

ამავე პერიოდში სამართალდამცველებმა ქალთა მკვლელობის 16 მცდელობა დააფიქსირეს, საიდანაც ოჯახური ძალადობის ნიშანი 12 შემთხვევაში გამოიკვეთა.

რა უნდა გაუმჯობესდეს – სახალხო დამცველის აპარატის შეფასება

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ფემიციდის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისითაა ნაკლოვანი. უპირველეს ყოვლისა, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგია არ არსებობს.

შესაბამისად, უწყებების მიერ ქალთა გენდერულ მკვლელობებთან დაკავშირებული ინფორმაცია ხშირად ან არ ემთხვევა ერთმანეთს, ან ეწინააღმდეგება. ეს უკანასკნელი კი უწყებებს შორის კოორდინაციას და, შესაბამისად, ეფექტურ რეაგირებასა და პრობლემასთან ბრძოლას ართულებს.

ამავე ანგარიშში, ომბუდსმენი აღნიშნავს , რომ პრობლემას წარმოადგენს სასამართლოს მიერ ჩადენილი ქმედების ფემიციდად ან ფემიციდის მცდელობად კვალიფიკაცია. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხდება გენდერული მოტივის დადგენა, ეს არ აისახება სასჯელის დამამძიმებელ გარემოებაზე.

სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ მართალია, ბოლო წლებში გაიზარდა ისეთი შემთხვევების რაოდენობა, როდესაც სასამართლომ გენდერულ მოტივზე იმსჯელა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამის აუცილებლობა არსებობდა –  ბევრ შემთხვევაში სასამართლოს ამ გარემოებაზე ყურადღება არ გაუმახვილებია.

ომბუდსმენი განმარტავს, რომ პროკურატურამ უნდა გაატაროს სათანადო ღონისძიებები და ქალის მკვლელობებისა ან მკვლელობის მცდელობის საქმეებში გენდერული მოტივი გამოკვეთოს.

“საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების პრევენცია, ხოლო გამოვლენის შემთხვევაში ეფექტური რეაგირება.

მთავრი პრობლემა, ჩვენი შეფასებით, არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში ოჯახში ძალადობისა თუ ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შესახებ არ ხდება ცნობილი შესაბამისი უწყებებისათვის, რადგან ქალები თავს არიდებენ მათ მიმართონ ხვადასხვა ბარიერების გამო – იქნება ეს ეკონიმიკურ დამოკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემები, ნდობის სიმცირე თუ სხვა“, – ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე, ეკა სხილაძე.

სხილაძის თქმით, პირველი და მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ სახელმწიფომ ქალთა მხარდამჭერი პროგრამები გააფართოოს და გააძლიეროს, “შეიქმნას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახის ძალადობის მსხვერპლებისთვის უფრო მეტი პროგრამა, რათა თავიდან ავიცილოთ ძალადობის იმგვარი ესკალაცია, როგორიცაა ქალთა მკვლელობა“.

სხილაძის თქმით, რაკი ანგარიში ბოლო 5 წელს მოიცავს, ბოლო წლებში შემცირებულია იმ შემთხვევების რიცხვი, როდესაც პოლიცია ძალადობის შესახებ ინფორმირებული იყო, მაგრამ ფემიციდის პრევენცია ვერ მოხერხდა. თუმცა 2014- 2016 წლებისთვის ასეთი შემთხვევების რიცხვი მაინც მაღალია.

ნეტგაზეთთან სხილაძე ამბობს, რომ 2016 წლის შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდა, ვინაიდან მაშინ არ არსებობდა რისკების შეფასეის მექანიზმები და არც ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც იტყოდა, რომ ქალის მკვლელობა გენდერული ნიშნით დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა.

ეს ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს მხოლოდ 2018 წელს დაემატა.

“თუმცა ეს არ არის საკმარისი, ქალთა მიმართ ძალადობას ჩვენ ვერ აღმოვფხვრით მხოლოდ მომხდარ შემთხვევებზე რეაგირებით, ჩვენგ გვჭირდება პრევენცია და ჩვენ გვჭირდება შემთხვევების უფრო მეტი გამოვლენა. ამას კი თავის მხრივ  სჭირდება ის, რომ სახელმწიფომ ეკონომიკური და სოციალური მიამრთულებით უფრო მეტად განავითაროს თავისი პროგრამები“, – განმარტავს სხილაძე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოების შემთხვევაში ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლაში პროგრესი არის, “ნაკლებად ვხედავთ ეკონომიკური და სოციალური პროგრემების განვითარებას, ეს კი აიძულებს მსხვერპლებს, ითმინონ ძალადობა, დარჩნენ ან/და კვლავ დაბრუნდნენ ძალადობრივ გარემოში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი