ახალი ამბები

ახალი მიკროავტობუსების ყიდვას, კერძო კომპანიის ნაცვლად, თბილისის მერია აპირებს

11 დეკემბერი, 2019 • 1938
ახალი მიკროავტობუსების ყიდვას, კერძო კომპანიის ნაცვლად, თბილისის მერია აპირებს

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ქალაქში ახალი მიკროავტობუსები შემოვა და ეს მგზავრობის საფასურის ზრდას არ გამოიწვევს. თუმცა კალაძე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე კერძო კომპანიისთვის მიკროავტობუსებს დედაქალაქის მერია შეიძენს.

“მიკროავტუბუსების კომპანიასთან შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ მოხდეს ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა ისე, რომ მოსახლეობას ტარიფები არ გაეზრდება”, – თქვა კალაძემ დღეს, 11 დეკემბერს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსთან” მიღწეულ შეთანხმებაზე განმარტება ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემაც გააკეთა. მისი თქმით, კომპანია მძიმე ფინანსური მდგომარეობაშია და მას ავტოპარკის განახლების რესურსი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, საწყის ეტაპზე მუნიციპალიტეტი დააფინანსებს ახალი მიკროავტობუსების შეძენას. ხმალაძის თქმით, მოგვიანებით, როცა კომპანია ფინანსურად გაძლიერდება, მას მოუწევს არა მხოლოდ საკუთარი ავტოპარკის განახლება,  არამედ მერიისგან ავტობუსების გამოსყიდვაც.

“ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის მოთხოვნა, რომ მოხდეს ტარიფის მომატება, სრულიად ლეგიტიმურია. ეს ყველაფერი დადასტურებულია აუდიტორული დასკვნით. როგორც აღნიშნეთ, კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას და დღეს მემორანდუმს ვაფორმებთ. მერია და კომპანია ერთად იწყებენ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას. უხლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი 300 მიკროავტობუსის შესყიდვაზე. ამ შესყიდვას მინიციპალიტეტი განახორციელებს. შესაბამისად, დედაქალაქის მგზავრებს მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიკროავტობუსები მოემსახურება. კომპანიას ფინანსური პარამეტრების გაუმჯობესების პოტენციალი აქვს და ამაზე რეკომენდაციას თავად აუდიტორიც წერს. მომდევნო პერიოდში, კომპანიასთან საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობით, მოვახერხებთ იმას, რომ კომპანიამ დარჩენილი პარკის ჩანაცვლებაც მოახერხოს და მერიის მიერ ნაყიდი მოკროავტობუსების ჩანაცვლებასაც”, – აცხადებს ხმალაძე.

5 დეკემბერს კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ განაცხადა, რომ ყვითელი მიკროავტობუსების ახლით ჩანაცვლების გზას მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუკი მგზავრობის ტარიფი 20-30 თეთრით გაიზრდება.

ერთადერთი კომპანია (კერძო კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“), რომელსაც თბილისში მგზავრები მიკროავტობუსებით გადაჰყავს, ირწმუნება, რომ საკუთარი ძალებით ახალი მიკროავტობუსების ყიდვას მგზავრობის ტარიფის გაძვირების გარეშე ვერ მოახერხებს. ამ დროს მერიაში აცხადებენ, რომ ტარიფის გაზრდას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.

თბილისის მერმა კახი კალაძემ 27 ნოემბერს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ვიცემერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა, ორი კვირის განმავლობაში სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკებები გამართოს და შეუთანხმდეს, რათა ტრანსპორტის გამოცვლა უახლოეს მომავალში დაიწყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი