დაწყებულია კასტინგი, რომელი შეძლებს კეთილი ოპოზიციის როლის თამაშს – მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილის მიზანია, ჰქონდეს საკუთარი სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიები და “ჯანყი “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკური კასტინგის პროცესია.

ამის შესახებ მარგველაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

“ჩვენ გავიგეთ იმ პოლიტიკური ძალის ლიდერის განცხადება, რომელსაც ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, რომ ის ელის ისეთ ოპოზიციას, რომელიც სახლში წასვლის შესაძლებლობას მისცემს. ანუ ფაქტობრივად საუბარია, რომ ჩამოყალიბდება „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები ოპოზიცია და მერე ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, დავსხდებით ტელეეკრანებთან და ვუყურებთ, ოპოზიცია ერთი და ხელისუფლება მეორე როგორ ადიდებენ „ქართული ოცნების“ სავარაუდოდ ყოფილ ლიდერს და ლანძღავენ ერთმანეთს. ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. იმ განცხადების მერე, რომ 1 წელიწადში ყველაფერს დაალაგებს,  ვხედავთ ასეთი ოპოზიციის არაერთ კასტინგს. გაზაფხულიდან დაწყებული ამ ოპოზიციის კასტინგებია, რომელი შეძლებს ამ კეთილი და მისაღები ოპოზიციის როლის თამაშს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, რომელია გულწრფელი და რომელი ჩაწყობილი კასტინგი, ძნელი სათქმელია, თუმცა კასტინგი გაზაფხულიდან მიმდინარეობს, რათა ბიძინა ივანშვილს ჰქონდეს თავისი სახელისუფლებო და ოპოზიცირი პარტიები.

“ამ კასტინგზე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ის რეჟისორები, რომლებიც ასე მდარე სპექტაკლს დგამენ, ეს მე არ ვიცი, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, ეს ჯანყი „ქართულ ოცნებაში“- შემორიგება, ისევ ჯანყი- ერთი კასტინგის პროცესია და ეს უგემოვნობა მძაბავს, ძალიან უგემოვნო ფილმს რომ უყურებ, ძალიან ცუდად რომ თამაშობს ადამიანი და შენ გრცხვენია”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.