ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა რ2-ის საქმეს არ გადახედავს

10 დეკემბერი, 2019 • 1381
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა რ2-ის საქმეს არ გადახედავს

სტრასბურგის სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარმა კომიტეტმა განსახილველად არ მიიღო ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილი მესაკუთრეების – ლევან და გიორგი ყარამანიშვილების – საჩივარი, რომლითაც ისინი სტრასბურგის სასამართლოს პალატის მიერ 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას ითხოვდნენ.

ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

“ეს არის სახელმწიფოს, იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის დიდი გამარჯვება, მეორე გამარჯვება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა და მადლობა გადაუხადა ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც ამ საქმეში იყო ჩართული.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ “რუსთავი 2-ის” საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების დიდ პალატაში გაგზავნის საკითხზე 9 დეკემბერს იმსჯელა, გადაწყვეტილება კი დღეს, 10 დეკემბერს გასაჯაროვდა.

სტრასბურგის სასამართლოს პალატის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების იმავე სასამართლოს დიდი პალატის მიერ გადასინჯვა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილმა მესაკუთრეებმა – ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა – ითხოვეს. სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის მხარეებს 3-თვიანი ვადა ჰქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმის დიდ პალატაში განხილვის საფუძველი არ არსებობს, პალატის 18 ივლისის გადაწყვეტილება საბოლოოდ შევიდა ძალაში.

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსთავი 2-ის” საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

ამ თემაზე:

რა გადაწყვიტა სტრასბურგმა რ2-ის საქმეზე | საიას ანალიზი

მასალების გადაბეჭდვის წესი