ახალი ამბები

ვოლსკი ერქვანიას განცხადებებს პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს

10 დეკემბერი, 2019 • 1266
ვოლსკი ერქვანიას განცხადებებს პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ალექსანდრე ერქვანიას წასვლა არ მიანიშნებს “ქართულ ოცნებაში” წარმოქმნილ რაიმე კრიზისზე.

ვოლსკი უსაფუძვლოს და პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს ერქვანიას განცხადებას ხელისუფლების ეკლესიასთან დაპირისპირების შესახებ:

“არ მიმაჩნია, რომ ალექსანდრე ერქვანიას წასვლა კრიზისია, როგორც თქვენ გინდათ წარმოაჩინოთ. მეორე მხრივ, ყველა ადამიანს გადაწყვეტილების მიღების სრული შესაძლებლობა აქვს. მთავარი ის კომენტარი, რაც მან თქვა. ბრალდებები უმრავლესობის მიმართ, რომ თითქოს ეკლესიასთან გარკვეული დაპირისპირება არსებობს, არათუ უსაფუძვლო, არამედ ვფიქრობ, პოლიტიკურად ანგაჟირებულიც არის. მისგან ასეთ შეფასებას ნამდვილად არ მოველოდი.”

დღეს, 10 დეკემბერს, “ქართული ოცნების” წევრმა ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ერქვანიამ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ უმრავლესობის დატოვების ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის არის საარჩევნო სისტემის საკითხიც.

ალექსანდრე ერქვანია: „მიმდინარეობს ბრძოლა მხოლოდ ძალაუფლებისთვის, ფულისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის. სამწუხაროდ, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ ეკლესია და საქართველო განუყოფელია. ვერ გააცნობიერა, რა როლი აკისრია ეკლესიას ქვეყნის აღმშენებლობაში, ვერ გააცნობიერა, რომ ქართველი ერისთვის ყველაზე დიდი საუნჯე, ჭეშმარიტი სარწმუნეობა – მართლმადიდებლობაა.

მინდა მივმართო უმრავლესობის ლიდერებს, ვიცი და ვგრძნობ, როგორ დისკომფორტს განიცდით ჩემი განცხადებების და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პოზიციების გამო. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დღეიდან მოგიხსნათ ეს უხერხულობა. ვტოვებ „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას და ვრჩები დამოუკიდებელ დეპუტატად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი