ახალი ამბები

საპატრიარქო დავითგარეჯას ტერიტორიაზე ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნას ეწინააღმდეგება

9 დეკემბერი, 2019 • 1215
საპატრიარქო დავითგარეჯას ტერიტორიაზე ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნას ეწინააღმდეგება

საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის საპატრიარქო დავთიგარეჯას სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე განცხადებას აქვექნებს და “გულისტკივილით აღნიშნავს”, რომ საკითხი ამ დრომდე გადაუჭრელი რჩება.

“ბუნებრივია, შექმნილი ვითარებიდან ყველას სურს გამოსავლის პოვნა. ერთ-ერთ მცდელობად უნდა განვიხილოთ ახლახანს საინიციატივო ჯგუფის მიერ გაჟღერებული იდეა, რომელიც  აღნიშნული მონასტრების პრობლემის მოგვარების გზად საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ამ გეოგრაფიულ  ზონაში  ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნას მიიჩნევს.

ამგვარი მოდელი შეიძლება დადებითად აღქმული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოთა შორის ტერიტორიული კუთვნილობის საკითხთან მიმართებაში ისტორიულად, კულტურულად, იურიდიულად და კარტოგრაფიულად  იქნებოდა ბუნდოვანება.

„უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრებთან დაკავშირებით კი არცერთ ზემოთჩამოთვლილ კატეგორიაში მსგავსი პრობლემა არ არის;  ამ წინადადების შეთავაზებით კი, ფაქტიურად, ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებს უგულვებელვყოფთ და აღნიშნული ტერიტორიის საქართველოს კუთვნილებას ეჭქვეშ ვაყენებთ. ამიტომაც, საქართევლოს ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს წამოყენებულ ინიციატივას”, – აცხადებს საპატრიარქო.

საპატრიარქოს 9 დეკემბრის განცხადების მიხედვით, ისინი კვლავ “მოთმინებით” ელოდებიან არსებული პრობლემის სამართლებრივ ჭრილში გადასვლას და 2019 წლის 15 ივლისამდე არსებული სტატუს-კვოს აღდგენას.

“იმედი გვაქვს, ჩვენს ერებს შორის ჩამოყალიბებული კეთილმეზობლობის ტრადიცია თავის დადებით შედეგს გამოიღებს და მშვიდობას ალტერნატივა არ ექნება”, – აცხადებს საპატრიარქო

მასალების გადაბეჭდვის წესი