ახალი ამბები

“კეთილი იყოს ოპოზიციის მობრძანება” – ოქრიაშვილმა ელისაშვილს მისასალმებელი ბანერები დაახვედრა

7 დეკემბერი, 2019 • 1464
“კეთილი იყოს ოპოზიციის მობრძანება” – ოქრიაშვილმა ელისაშვილს მისასალმებელი ბანერები დაახვედრა

კამპანიის “ამხილე ფეოდალი მაჟორიტარი” ფარგლებში დმანისში ჩასულ “სამოქალაქო მოძრაობის” წევრებს ქალაქში მისასალმებელი ბანერები და პლაკატები დახვდათ.

“სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში. კახა ოქრიაშვილი”, – წერია ბანერზე. ქალაქში ასევე გაკრულია პლაკატები წარწერით: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ალეკო”.

“როგორც ჩანს, დაინახა და იგრძნო, საით დაუბერა ქარმა და განსხვავებით სხვა მაჟორიტარებისგან, მას აშკარად ბარგი აქვს ჩალაგებული და ახლა უნდა, ჩვენსკენ, ოპოზიციისკენ ურთიერთობების დალაგება. არ დავმალავ, რამდენიმე დღის წინ დამირეკა კიდეც და ჩემდა გასაკვირად მითხრა: პატივს გცემო. არადა, ტელევიზორშ მას ძალიან მწარედ მოვიხსენიებდი. ახლა კიდევ აჭრელებული აქვს ქალაქი ამ რაღაც “სმაილებით”. ამის მიუხედავად კახა ოქრიაშვილიც არის იმ მაჟორიტართა კოჰორტის წარმომადგენელი, რომლებიც ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან”, – განუცხადა ელისაშვილმა “რუსთავი 2”-ს.

“სამოქალაქო მოძრაობის” წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს დმანისის ბაზარში, რის შემდეგაც წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის ბიუროსთან გადაინაცვლებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი