ახალი ამბები

იყენებს ქალისთვის შეუსაბამო და უღირს რიტორიკას – ვოლსკის სექსისტური განცხადება ხოშტარიაზე

4 დეკემბერი, 2019 • 1839
იყენებს ქალისთვის შეუსაბამო და უღირს რიტორიკას – ვოლსკის სექსისტური განცხადება ხოშტარიაზე

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ დეპუტატი ელენე ხოშტარია ქალისთვის შეუსაბამო და უღირს რიტორიკას იყენებს.

ვოლსკიმ ეს სექსისტური შეფასება მაშინ გაახმიანა, როდესაც ჟურნალისტებს ეკითხებოდა, თუ რატომ არ უსვამს არავინ კითხვას ხოშტარიას მაშინ, როდესაც ის “მიმართავს უზრდელობის უმაღლეს დონეს“.

დღეს ვოლსკის ჟურნალისტებმა პარლამენტარის, “ქართული ოცნების” წევრის, დიმიტრი სამხარაძის განცხადების შესახებ ჰკითხეს, მიაჩნია თუ არა ის ეთიკურად. სამხარაძემ რამდენიმე დღის წინ ფეისბუკის პოსტით მიხეილ სააკაშვილს აგინა.

ვოლსკიმ ამაზე უპასუხა, რომ მსგავსი სიტყვები სამხარაძისგან არ გაუგონია. მისი შეფასებით, სამხარაძე კარგად ჩამოყალიბებული, ორგანიზებული, პატრიოტი და მცოდნე ადამიანია.

შემდეგ კი თქვა, რომ სამხარაძეს კიცხავდნენ ოპოზიციის ის წარმომადგენლები, “რომლებიც ბილწსიტყვაობაში ჩემპიონატი რომ გაიმართოს, პირველ ადგილზე გავლენ“.

“არც ერთხელ ტვ “პირველს“ და არც სხვა პოლიტიკასთან ანგაჟირებულ ტელევიზიას და მედიასაშუალებებს მისთვის, ხოშტარიასთვის შეკითხვა არც დაუსვამთ, რომ მისთვის ინტენსიურად… თუნდაც, პარტიის თავმჯდომარის სახლთან ან ანებისმიერ აქციაზე, რატომ მიმარავს არათუ უზრდელებობის უმაღლეს დონეს, არამედ ქალისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო და უღირს რიტორიკას, არც ერთხელ ეს შეკითხვა არ დასმულა“, – ამბობს ვოლსკი.

მიშა, დედას მოგიტ**ავთ! – “ოცნების” დეპუტატი სააკაშვილს აგინებს

მასალების გადაბეჭდვის წესი