ბოლო დღეების განმავლობაში, აქტივისტებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ, თბილისსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. კონრაქტიის მონაწილეებს შორის იყვნენ საჯარო მოხელეებიც, ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ინციდენტებსაც. ამ საკითხზე “ნეტგაზეთი” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს ესაუბრა:
თუ მანამდე ვხედავდით, რომ ოპოზიციონერებს და აქტივისტებს ურთიერთობის გარკვევა პოლიციასთან უწევდათ ახლა, თბილისსა და რეგიონებში “ქართული ოცნების” მხარდამჭერები მართავენ ერთგვარ კონტრაქციებს, რამაც რიგ შემთხვევებში ძალადობრივი სახე მიიღო. რამდენად საშიშია ეს პროცესი და როგორ ფიქრობთ, რეალურადაა საზოგადოებაში მსგავსი განწყობები?
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს კონტრაქციები თვითორგანიზებულია და ასე სწრაფად გადაწყვიტეს ადამიანებმა, რომ ის, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვს სრულიად სამართლიანად, ეს ეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემას თუ თანმდევ მოთხოვნებს, არის ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნებასთან დაკავშირებული. ეს უფრო მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის კარგად ორგანიზებული.
გარდა ამისა, ხელისუფლება მანამდეც საუბრობდა, რომ ყველა ვინც ქუჩაში დგას და ითხოვს პროპორციულ არჩევნებს, მიუხედავად იმისა, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, თუ საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი პარტნიორები არიან და მიანიშნებენ პროპორციული სისტემის საჭიროებაზე, ყველა ერთი პოლიტიკური პარტიის სურვილის გამხმოვანებლები იყვნენ. ამ ფონზე, შემდეგ ეტაპად კარგად ეწერება სწორედ ამ ჯგუფების გააქტიურება იმის წარმოსაჩენად, რომ თითქოს მხოლოდ მმართველი პარტია კი არ საუბრობს ამაზე, საზოგადოების მეორე ნაწილი გამოდის და ამბობს, რომ ერთი პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნებას ნიშნავს ეს ყველაფერი და ამაზე არის პროტესტი საზოგადოების მხრიდან.
ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს რა იყო წინა ხელისუფლების დროს – ვხედავთ, რა არის ახლაც. საზოგადოებას არ სჭირდება ამის შეხსენება. ძალიან ცუდი [ფაქტია] და სუსტია ის ხელისუფლება, რომელიც სათავეში ყოფნის 7 წლის თავზე ისევ წინა ხელისუფლებაზე საუბრობს და მას ადარებს საკუთარ მოქმედებებს. ამ შედარებებში თანდათან ემსგავსება სწორედ წინა ხელისუფლებას.
ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ფიზიკური დაპირისპირების არაერთი შემთხვევა. ბევრ ადამიანს, ვინც დიდი ხანია ჩართული ვართ პროცესებში და დიდი ხანია ვაკვირდებით როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების დროს, გაგვახსენა 2011 და 2012 წლები. სამწუხაროდ, მმართველი პარტია შეიძლება ამბობს სიტყვიერად, რომ ეს არ დაბრუნდება და არ მოხდება, რაც იყო საქართველოში, მაგრამ მოქმედებით ხშირად ვხედავთ საპირისპიროს.
საჯარო მოხელეების ჩართულობა არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ ეს პროცესი არ არის თვითორგანიზებული და გულწრფელი. პირიქით, ის ორგანიზებულია ერთი კონკრეტული პარტიის მიერ და ამ შემთხვევაში, ამას მივყავართ მმართველ პარტიამდე. საჯარო მოხელეების იქ ყოფნა და საუბარი იმაზე, რომ თითქოს შეიკრიბნენ და პროტესტს გამოხატავენ, ან იმის თქმა, რომ ქართველები ვართ და სისხლი გვიდუღს, ეს შეფასებები მათთვის დაიტოვონ. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ცდილობენ სრულად მობილიზებას და მათი ძალის დემონსტრირებას. ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული ვხედავთ ამ პროცსებს და მარტივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა გველოდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ მთელი ქვეყანა იქნება დაძაბულობის რეჟიმში და გადართული იქნება საარჩევნო პროცესებზე. ეს დიდი გამოწვვა და ბეწვის ხიდზე გავლა იქნება ქვეყნისთვის.
ვის ინტერესში შეიძლება იყოს ახლა საზოგადოების პოლარიზება?
მარტივად რომ ვთქვათ, მმართველ პარტიას ახლა სჭირდება მედიაში და ზოგადად საზოგადოებაში აჩვენოს, რომ მარტო ეს კი არაა რეალობა, რომ პროპორციული ჩავარდა, არამედ წარმოაჩინოს, რომ საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს სულაც არ არის ცუდი და პირიქით, ასე თავს დავიზღვევთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში.
ამ დროს, ავიწყდებათ, რომ თუ მოხდება ისე, რომ კვლავ საბედისწერო შეცდომას დაუშვებს მმართველი პარტია, სწორედ ამ საარჩევნო სისტემით შეიძლება დაბრუნდეს “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში. ეს არის მოდელი, რომლითც, მოგებულს მანდატების თვალსაზრისით მიაქვს ყველაფერი, ხოლო წაგებულს რჩება არაფერი. ეს არ არის სამართლიანი საარჩევნო სისტემა. ის არ აჩვენებს ამომრჩევლის რეალურ განწყობას.
როდესაც მმართველი პარტია არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ხმების 48 პროცენტს იღებს და ამით მანდატების 77 პროცენტს აგროვებს, იგივე შეიძლება ვნახოთ ხვალ სხვა მმართველი პარტიის სახითაც, რომელმაც შეიძლება მოიგოს არჩევნები.
ვნახეთ, არაერთი ძალადობრივი ინციდენტი. მათ შორის “ქართული ოცნების” ოფისთან დაშავდა ხალხი, ამასვე აჩვენებს ზუგდიდში გუშინ მომხდარი ინციდენტიც, თუმცა პოლიციას არავინ დაუკავებია, რაზე მიანიშნებს ეს?
ცოტა უცნაური დამოკიდებულებაა შს მინისტრის მხრიდან. ლობიოს ჰაერში აყრის გამო ადამიანის დაკავება და რუსთაველზე ადამიანების დაკავება იმის გამო, რომ შეიძლება უმისამართოდ იგინებოდა, ეს რაში ჯდება და რა ხელწერაა უნდა გვითხრას ალბათ.
როდესაც არაერთ შემთხვევაში ამ ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ რომ არა თუ სამართალდარღვევის, არამედ დანაშაულის ნიშნებიც იკვეთებოდა, შეიძლება უფრო მძიმე ვიდრე მანამდე, როდესაც ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად და ორგანიზებულად დააკავა 20-21 ივნისის აქციებსი მონაწილეები და არამარტო ადმინისტრაიცული წესით, ბევრი ადამიანი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული.
როცა ვსაუბრობთ პროცესებისგან პოლიტიკურ დისტანცირებაზე და ცივი გონებით გადაწყვეტილების მიღბაზე, ამას ვთხოვთ სამართალდამცავ უწყებებს და არა იმას, რომ ტოტალურად ყველა დააკავოს, ან არავინ დააკავოს.
თუ კანონი არსებობს, ის თანაბრად უნდა გამოიყენებოდეს ყველას მიმართ მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა. როგორ წარმოგიდგენიათ, ის ადამიანები რომ დაეკავებინათ, ვისი დაკავების საფუძველიც არსებობს, კონტრაქციების მონაწილეებს ვგულისხმობ, ხვალ და ზეგ ხომ გაუჭირდებოდა მმართველ პარტიას მათი მობილიზება და ისევ ქუჩაში გამოყვანა?!
იმ შემთხვევაში, თუ დაპირისპირება გამწვავდება, პასუხისმგებლობა ვის დაეკოსრება?
მე ვფიქრობ, ცალსახად პასუხისმგებელი ამაზე არის ხლისუფლება ერთი მარტივი მიზეზის გამო: ის, რაც ახლა ხდება პარლამენტის შენობის გარეთ სხვადასხვა ადგილას, იქნება თბილისი თუ სხვა მუნიციპალიტეტები, ეს სიტუაცია შექმნა ხლეისუფლებამ, როდესაც ჩააგდო პროპორციულზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი.
არაფერი ჩავარდნილა – ჩააგდო. შეუძლებელია ისეთ პოლიტიკურ პარტიაში, როგორიც “ქართული ოცნებაა” ვისაუბროთ რომ 40-მდე დეპუტატი თურმე თავს იკავებს ან წინააღმდეგ აძლევს ხმას.
ამიტომ, რაც არის პოლიტიკა საქართველოში, ამაზე პასუხისმგებელი არის მმართველი პარტია. მმართველ პარტიაში მოვიაზრებთ ხელისუფლებასაც, როდესაც ვამბობთ, რომ პოლიცია და სამართალდამცავები უნდა მოქმედებდნენ კანონის შესაბამისად და არ უნდა რჩებოდეს ეჭვი, რომ პოლიცია შერჩევითად მოქმედებს. ეს მხოლოდ ავნებს ამ პროცესებს და გაზრდის მმართველი პარტიის და ხელისუფლების პასუხისმგებლობას მთელს ამ პროცესში.