ახალი ამბები

კალაძის თქმით, კანდელაკზე მილის დაზიანებისთვის “თელასი” დაჯარიმდება

4 დეკემბერი, 2019 •
კალაძის თქმით, კანდელაკზე მილის დაზიანებისთვის “თელასი” დაჯარიმდება

თბილისის მერია “თელასს” კანდელაკის ქუჩაზე საკანალიზაციო მილის დაზიანების გამო დააჯარიმებს.

ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, იმისთვის, რომ ახლად აშენებულ კორპუსში გაყვანილობა გაეკეთებინა, “თელასმა”  უნებართვოდ აწარმოა სამუშაო, შედეგად კი საკანალიზაციო მილი დაზიანდა.

“კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დავასრულეთ, თუმცა რამდენიმე კვირის წინ პრობლემის შესახებ ვისაუბრე.  უკვე გაირკვა, რომელმა კომპანიამ ჩაიდინა ეს ყველაფერი. კონკრეტულ მონაკვეთზე საკანალიზაციო ქსელი დაზიანებული იყო. ანუ ახალი საკანალიზაციო მილი ორ ადგილზე იქნა გაგლეჯილი. ნათელი იყო, რომ ვიღაცას მიწის ბურღვითი სამუშაოები ჰქონდა შესრულებული. სამუშაოების ჩატარებაზე კომპანიას ნებართვა არ ჰქონია. ამ საკითხის შესწავლა დავიწყეთ. ეს ყველაფერი დააზიანა კომპანია “თელასმა”, რომელიც აუცილებლად დაჯარიმდება. ამასთან, დღეს კანდელაკის ქუჩაზე ეს ორი მონაკვეთი უკვე აღდგენილია”, – აცხადებს კალაძე.

თბილისის მერიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრება თელასს.

მასალების გადაბეჭდვის წესი