ახალი ამბები

გადასინჯავს თუ არა რ2-ის საქმეს სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა, 10 დეკემბერს გაირკვევა

3 დეკემბერი, 2019 • 1235
გადასინჯავს თუ არა რ2-ის საქმეს სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა, 10 დეკემბერს გაირკვევა

9 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია “რუსთავი 2”-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების დიდ პალატაში გაგზავნის საკითხზე იმსჯელებს.

სტრასბურგის სასამართლოს პალატის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების იმავე სასამართლოს დიდი პალატის მიერ გადასინჯვა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა მესაკუთრეებმა – ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა – ითხოვეს. 10 დეკემბერს გახდება ცნობილი, გადასინჯავს თუ არა გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის მხარეებს 3-თვიანი ვადა ჰქონდათ. თუ 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია გადაწყვეტს, რომ საქმის დიდ პალატაში განხილვის საფუძველი არ არსებობს, პალატის გადაწყვეტილება, რომელიც ფაქტობრივად უკვე აღსრულებულია, საბოლოოდ შევა ძალაში.

“რუსთავი 2”-ის ყოფილი მესაკუთრეების ადვოკატი იმედოვნებს, რომ საქმე განსახილველად დიდ პალატას გადაეცემა, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის შანსების მცირეა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია მსგავსი თხოვნების  დაახლოებით 5%-ს აკმაყოფილებს.

“სტრასბურგის სასამართლომ თავის დროზე დასაშვებად ცნო და განიხილა მარტო სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე სარჩელი და რაც დაუშვა, იმაზე თქვა, რომ დარღვევა არ იყო. შესაბამისად, მხოლოდ იმის გასაჩივრების უფლება გვქონდა, რაზეც იმსჯელა სასამართლომ – სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე. დიდი პალატა ყველა საქმეს არ იღებს, ძალიან მცირე რაოდენობის საქმეებს იღებს. როდესაც გავასაჩივრეთ, იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა პრესრელიზი და კომენტარად მიაწერა, რომ დიდი პალატა სარჩელების მხოლოდ 5%-ს იღებს წარმოებაში. ანუ შანსები ძალიან მცირეა ამ კუთხით, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ დაინტერესდება კოლეგია, რომელიც დასაშვებობაზე იმსჯელებს და ჩათვლის ღირსად, რომ საქმე დიდ პალატას გადაეცეს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” თამთა მურადაშვილმა.

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

რა გადაწყვიტა სტრასბურგმა რ2-ის საქმეზე | საიას ანალიზი

მასალების გადაბეჭდვის წესი