ახალი ამბები

“ეს ახალგაზრდებიც არიან იმ მშობლების შვილები, ვისაც აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ქონებას ართმევდნენ”, – ოხანაშვილი

3 დეკემბერი, 2019 • 1005
“ეს ახალგაზრდებიც არიან იმ მშობლების შვილები, ვისაც აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ქონებას ართმევდნენ”, – ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ლოგიკურს უწოდებს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ახალგაზრდების რეაქციას “ქართული ოცნების” ოფისთან.

გუშინ, 2 დეკემბერს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები პარტიის ცენტრალურ ოფისთან მისულ ოპოზიციონერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირსიპირდნენ.

“ეს ახალგაზრდებიც ხომ არიან იმ მშობლების შვილები, რომლებსაც აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ქონებას ართმევდნენ? როგორ, ამ ადამიანებს არ ექნებათ ემოცია და დამოკიდებულება? ყველას ექნება ემოცია. ეს ახალგაზრდებიც არიან იმ ადამიანების შვილები, ზოგის ძმა, ზოგის და, რომელთა ოჯახის წევრები იყვნენ გაწამებულები 2012 წლამდე არსებული ხელისუფლების პირობებში: წამება, გაუპატიურება, ქონების ჩამორთმევა, ბიზნესის რეკეტი და ა.შ. ამიტომ, ამ ადამიანებს ლოგიკურია ექნებათ რეაქცია და დამოკიდებულება. მე ყველას მოვუწოდებ განსაკუთრებული სიფრთხილით, ემოციების გარეშე, არსებობს ცივილური ფორმა, არსებობს ეთერი – დასხდნენ და იქ გაუწიონ ერთმანეთს პაექრობა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ახალგაზრდები განათლებულები არიან და აქვთ იმის რესურსი, რომ ცივილიზებულად ისაუბრონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი