ახალი ამბები

29 დასახელების სამკაულიდან 12 ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა – Momxmarebeli.ge

3 დეკემბერი, 2019 • 1852
29 დასახელების სამკაულიდან 12 ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა – Momxmarebeli.ge

Momxmarebeli.ge-ს მიხედვით, რომელმაც თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 29 დასახელების სამკაული შეიძინა და აშშ-ის ლაბორატორიაში MSR Laboratories კადმიუმისა და ტყვიის შემცველობაზე შესამოწმებლად გაგზავნა, 12 ნიმუში ჯანმრთელობისათვის საშიში აღმოჩნდა.

ორგანიზაციის განცხადებით სამკაულები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეისყიდეს და ევროკავშირში მოქმედი ნორმების მიხედვით შეამოწმეს, რადგან საქართველოში ბიჟუტერიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მოთხოვნები არ არსებობს.

კვლევის შედეგად, 12 ნიმუში არ შეესაბამება ევროკავშირში არსებულ მოთხოვნებს. Momxmarebeli.ge-ს განცხადებით, ზოგიერთ მათგანში კადმიუმის ან ტყვიის შემცველობა რამდენიმე ათეულჯერ, ან ასეულჯერ აჭარბებს დაშვებულ ნორმებს, ხოლო ზოგიერთში იმდენად მაღალია, რომ ლაბორატორიის მოწყობილობამ ოდენობის ზუსტი გაზომვა ვერც კი შეძლო:

“ჩვენ სისტემატურად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციის უმეტეს ნაწილზე უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი მრავალი წელია არ მოქმედებს. ამგვარად, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუცველია. მოცემული კვლევა კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად გადადგას ქმედითი ნაბიჯები”,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

Momxmarebeli.ge-ს თქმით, კადმიუმი და ტყვია ორგანიზმში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს, მათ შორის, პროდუქციის მოხმარების დროს. ეს ლითონები გროვდება სხეულში და სხვადასხვა ორგანოების დაზიანებას იწვევს. კადმიუმი ხელს უწყობს სიმსივნის წარმოშობას, ფილტვების, თირკმელებისა და ძვლების დაზიანებას. ტყვია აზიანებს ტვინს, თირკმელებს, ღვიძლს, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციულ სისტემას.

მასალების გადაბეჭდვის წესი