ახალი ამბები

DRI: “ოცნების” ოფისთან დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

3 დეკემბერი, 2019 • 671
DRI: “ოცნების” ოფისთან დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) , რომელიც 2 დეკემბერს პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გამართულ აქციას აკვირდებოდა, აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის ძალადობრივ დაპირისპირებაზე, ასევე, საზოგადოებაში პოლარიზებული და რადიკალური განწყობების გაღვივებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ორგანიზაციის თქმით, 2 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მმართველი პარტიის მხარდამჭერები დახვდნენ. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ დღის პირველ ნახევარში მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დაკავებას ქალაქ მცხეთაში:

“დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ქართული ოცნების ოფისზე პლაკატების გაკვრა დაიწყეს, რამაც მმართველი პარტიის მხარდამჭერების უკმაყოფილება გამოიწვია. ღია წყაროებით გავრცელებული მასალა ადასტურებს, რომ კონტრაქციის მონაწილეები აქციის მონაწილეების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.

მედიასაშუალებებმა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის (რის შედეგადაც 5 აქტივისტი დაშავდა) არაერთი ფაქტი გადაიღეს. კონტრაქციის მონაწილეების მიერ ნასროლი პიროტექნიკა აქციის ერთ- ერთი მონაწილეს თვალში მოხვდა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” განცხადებით, პოლიციამ შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო. მიუხედავად არაერთი ჩანაწერისა, რომელიც ადასტურებს, რომ კონტრაქციის მონაწილეები დემონსტრანტებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, პოლიციას არცერთი კონტრდემონსტრანტი არ დაუკავებია.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დაიწყო.

ორგანიზაციის თქმით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პოლიციას ეკისრება „შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, რაც პირდაპირ მოიაზრებს პოლიციის ვალდებულებას, მშვიდობიანი დემონსტრანტები დაიცვას კონტრდემონსტრანტების და სხვა პირთა ძალადობრივი ქმედებებისაგან, მათ შორის, დაპირისპირებული მხარეების ერთმანეთისგან ფიზიკური განცალკევების და ძალადობის აღკვეთის გზით.

ამის საპირისპიროდ, “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” შეფასებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული არაერთი კადრიდან ნათლად ჩანს, რომ პოლიციამ ხელი არ შეუშალა კონტრაქციის აგრესიულად განწყობილ მონაწილეებს – მიახლოებოდნენ დემონსტრანტებს და, ამგვარად, ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, უკანსაკნელ პერიოდში ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა დემონსტრანტებსა და კონტრდემონსტრანტებს შორის წარმოქმნილი დაპირისპირებისას, ძალადობის აღსაკვეთად ქმედითი ღონისძიებების გატარების სანაცვლოდ, დაზარალებული მხარის გარიდება შემთხვევის ადგილიდან, რაც მოძალადე ჯგუფებში დაუსჯელობის განცდას ქმნის და ახალისებს მომავალ ძალადობას.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებით, დაკვირვების შედეგები ასევე ცხადყოფს, რომ შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში, პოლიციას გააჩნია რესურსი, უზრუნველყოს წესრიგი, დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის უფლება და კანონის შესაბამისად აღკვეთოს ნებისმიერი სამართალდარღვევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს:

მმართველ პოლიტიკურ გუნდს
გადადგას ქმედითი ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისთვის.
თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რამაც შესაძლოა ძალადობის პროვოცირება მოახდინოს.
მმართველი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს
მიმდინარე მოვლენების შეფასებისას მაღალი პასუხისმგებლობით იხელმძღვანელონ, რადგან მათი განხადებები, შესაძლებელია, პირდაპირ იქნეს აღქმული ძალადობისკენ მოწოდებად
სამართალდამცავ ორგანოებს
ობიექტურად და შემჭიდროებულ ვადებში წარიმართოს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის თაობაზე დაწყებული გამოძიება და გამოძიების შედეგები ეცნობოს საზოგადოებას.

დაპირისპირებული მხარეების მიერ გამართულ შეკრებებსა და კონტრდემონსტრაციებზე ძალადობის თავიდან ასაცილებლად პოლიციამ უზრუნველყოს დაპირისპირებული მხარეების ერთმანეთისგან განცალკევება, ძალადობის პრევენცია და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება.

მასალების გადაბეჭდვის წესი