ახალი ამბები

ოპოზიცია ომბუდსმენს სთხოვს, „გერმანული მოდელი“ ეუთოში გააგზავნინოს განსახილველად

3 დეკემბერი, 2019 • 1617
ოპოზიცია ომბუდსმენს სთხოვს, „გერმანული მოდელი“ ეუთოში გააგზავნინოს განსახილველად

ოპოზიციური პარტიები სახალხო დამცველს მიმართავენ თხოვნით, გაუგზავნოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR-ს) განსახილველად კანონპროექტი არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარების შესახებ, რათა ეუთომ საქართველოს კონსტიტუციასთან მისი შესაბამისობა შეამოწმოს.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ადამიანები, დღეს ამ კანონპროექტს გადავუგზავნით სახალხო დამცველს, რომელსაც მივმართავთ თხოვნით [გააგზავნოს კანონპროექტი განსახილველად ეუთოში], რადგან მხოლოდ მისი მექანიზმის გამოყენებით შეგვიძლია მივმართოთ ეუთო/ODIHR-ს. ჩვენ არა გვაქვს შესაძლებლობა, პირდაპირ მივმართოთ მას“, – განაცხადა 3 დეკემბერს „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად.

ნინო ლომჯარიამ 3 დეკემბრის დილას ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ საკითხზე აქტიური კონსულტაციები აქვს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან, პირადად შეხვდა ეუთო/ODIHR-ის პრეზიდენტს და ესაუბრა შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებს, რის შემდეგაც აცხადებს:

„ისინი ინფორმირებულები არიან, რომ სახალხო დამცველი აპირებს აღნიშნული კანონპროექტის გაგზავნას, თუმცა ამას აქვს გარკვეული პროცედურული წინაპირობები“.

„უპირველეს ყოვლისა ეუთო/ODIHR  ითხოვს, რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში. შემდეგ უკვე სახალხო დამცველი, მე, მივმართავ ეუთო/ODIHR-ს მოსაზრების წარმოსადგენად იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდება და რომელიც იქნება დარეგისტრირებული პარლამენტში“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ოპოზიციამ მზაობა გამოთქვა, დღეს ან ხვალ დაარეგისტრირონ აღნიშნული კანონპროექტი: „ჩვენ ვნახეთ დღეს სახალხო დამცველის განცხადება, რომ კანონი უნდა იყოს რეგისტრირებული პარლამენტში, რომ გაიგზავნოს და ეს არის ეუთო/ODIHR-ის მოთხოვნა. ჩვენ მზად ვართ, ეს მოთხოვნა შევასრულოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

„მზად ვართ, რა შენიშვნასაც მივიღებთ ეუთო/ოდირის მხრიდან, გავითვალისწინოთ მაქსიმალურად“, – აცხადებს ვაშაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი