ახალი ამბები

თბილისის ზოოპარკს 12 ჯიხვი და 1 ევროპული ბიზონი შეემატა

2 დეკემბერი, 2019 • 2869
თბილისის ზოოპარკს 12 ჯიხვი და 1 ევროპული ბიზონი შეემატა

თბილისის ზოოპარკში ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად ჩამოვიდა 13 ცხოვლი, მათ შორის, 12 აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი ტალინის ზოოპარკიდან და 1 დომბა, იგივე ევროპული ბიზონი, ნიკოლაევის ზოოპარკიდან.

როგორც თბილისის ზოოპარკში აცხადებენ, ცხოველები ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე განთავსდნენ.

ზოოპარკის განცხადებით, აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი კავკასიის ენდემია. ის ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით საფრთხესთან ახლოს მყოფი, ხოლო საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით მოწყვლადი სახეობაა.

საქართველოში მისი გავრცელების არეალის აღმოსავლეთ საზღვარი ლაგოდეხის ნაკრძალია, ხოლო დასავლეთით – მწვერვალი შხარა. 2014 წლის აღრიცხვების მიხედვით საქართველოში 5000-მდე ინდივიდია დარჩენილი.

რაც შეეხება დომბას, თბილისის ზოოპარკის ინფორმაციით, ის ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით მოწყვლადი სახეობაა, რომელიც ისტორიულად საქართველოშიც იყო გავრცელებული, თუმცა ამჟამად გადაშენებულია.

ეს სახეობა XX საუკუნის დასაწყისში აღადგინეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შემორჩენილი ინდივიდების გამრავლების საშუალებით.

„თბილისის ზოოპარკი ადგილობრივი სახეობების – დასავლეთკავკასიური ჯიხვის, ნიამორისა და კეთილშობილი ირმის კონსერვაციის პროექტს ახორციელებს. ამ სიას კიდევ ერთი სახეობა შეემატა – დომბა, იგივე ევროპული ბიზონი. საქართველოში ეს დომბას რეინტროდუქციის პირველი მცდელობა იქნება. სხვათა შორის, დომბას რეინტროდუქციის პროგრამა უკვე დაწყებულია აზერბაიჯანში.

ამჯერად 1 მამრი დომბა ჩამოვიდა. პარალელურად ველოდებით ინფორმაციას მდედრ ინდივიდებთან დაკავშირებით და შემდგომ მათ ტრანსპორტირებაზეც ვიზრუნებთ. სახეობის რეინტროდუქცია რთული, მრავალწლიანი პროცესია, თუმცა ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი“, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი