ახალი ამბები

ხმაურზე ჩამოვიდნენ – მცხეთის მერი ჩხუბის მონაწილე თანამშრომლებზე

2 დეკემბერი, 2019 • 2367
ხმაურზე ჩამოვიდნენ – მცხეთის მერი ჩხუბის მონაწილე თანამშრომლებზე

მცხეთის მერის, გიორგი კაპანაძის თანახმად, მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან შეკრებილი აქტივისტებისთვის „ქართული ოცნების“ აქტივისტები სპეციალურად არ დაუხვედრებია და ისინი იქ ხმაურის შემდეგ ინტერესის გამო მივიდნენ.

იქ დღეს, 3 საათისთვის, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და სავარაუდოდ მერიის თანამშრომლებს შორის. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ დააკავა შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი და კიდევ, სულ მცირე, ერთი ადამიანი.

„პოლიციელები იყვნენ მათ მხარეს, ჩვენ არაფერს არ ვაკეთებდით. 5 ადამიანია დაკავებული. ჩვენ ვართ მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებსაც დაგვარტყეს, გვაგინეს და ჩვენ დაგვიჭირეს იმის ნაცვლად, რომ ისინი [„ოცნების“ აქტივისტები] დაეკავებინათ“, – ამბობს ჟურნალისტებთან „გაბედეს“ ერთ-ერთი წევრი.

„ჩვენ გვინდოდა ლაპარაკი… დაგვახვედრეს აქტივისტები, გვაგინეს, გვცემეს და პოლიცია იდგა უბრალოდ. ჩვენ არ შევსულვართ არავისთან კონტაქტში, დაგვიჭირეს ჩვენ“, – ამბობს იგი.

ხუნდაძის ოფისთან იმყოფება მცხეთის მერი გიორგი კაპანაძე, რომელიც აცხადებს, რომ დაპირისპირების პროვოცირება დემონსტრანტებმა მოახდინეს:

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქტივისტებისთვის სპეციალურად არ დაუხვედრებია მერიის თანამშრომლები და ისინი იქ ინტერესის გამო მივიდნენ:

„კი არ დავახვედრე მერიის თანამშრომლები, ყველამ დაინახა აბსოლუტურად, რომ ესენი მოვიდოდნენ, აქ იყო ტელევიზია მოსული და დააინტერესა ყველას. მერიაში მუშაობს 200 ადამიანი. აქ ყოველდღე ტელევიზია არ გვიდგას“…

„მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, ვერ ვიტყვი, რა მათქმევინებს, რომ ეს უნდა მომხდარიყო ან ამისთვის მზად ვიყავით. მე თვითონ მოვუწოდებდი, რომ ვარ თქვენთვის მოსული, გამოვედი, გაგცემთ პასუხს, სათითაოდ ვეპასუხებოდი ჩემთან ოთახში“, – ამბობს მცხეთის მერი.

„გამოხატვის უფლება აქვთ, მაგრამ მე მათ ვუმტკიცებდი, რომ ბატონი დიმიტრი ხუნდაძე არ იყო და მე იმათ ახლა შენობაში აურზაუარის ასატეხად ვერ შევუშვებ. ხალხი მუშაობს აქ და აურზაური არ გვჭირდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი