ახალი ამბები

შვილმა დედის მოძალადე პარტნიორისაგან დასაცავად 911-ში დარეკა და პიცა შეუკვეთა, დისპეჩერი შეტყობინებას მიხვდა

1 დეკემბერი, 2019 • 10685
შვილმა დედის მოძალადე პარტნიორისაგან დასაცავად 911-ში დარეკა და პიცა შეუკვეთა, დისპეჩერი შეტყობინებას მიხვდა

აშშ-ის შტატ ოჰაიოს ქალაქ ორეგონის მცხოვრებმა გოგომ საკუთარი დედის ოჯახში ძალადობისაგან დასაცავად 911-ზე დარეკა და იმ პერიოდში ჯერ კიდევ სახლში მყოფ მოძალადეს მოაჩვენა, რომ პიცას იძახებდა.

BBC-ის ცნობით, მისი დედის მოძალადე პარტნიორისაგან განსხავევბით, 911-ის დისპეტჩერი ყველაფერს მიხვდა და ქალის დასახმარებლად მისამართზე პოლიციის ეკიპაჟი გაგზავნა.

სტენოგრამა, რომელიც ასახავს ქალის და 911-ის დისპეჩერის საუბარს:

დისპეჩერი: ორეგონი, 911

ქალი: პიცის გამოძახება მინდა შემდეგ მისამართზე […]

დისპეჩერი: თქვენ 911-ში რეკავთ, რათა პიცა შეუკვეთოთ?

ქალი: დიახ. მისამართი […]

დისპეჩერი: მაგრამ ეს ხომ არასწორი ნომერია, აქ პიცას არ უკვეთავენ.

ქალი: არა, არა. თქვენ ვერ გამიგეთ

დისპეჩერი: ახლა უკვე მესმის

დისპეჩერი: ის ადამიანი ისევ მანდ იმყოფება?

ქალი: დიახ, დიდი პიცა მინდა

დისპეჩერი: ექიმებთან ერთად?

ქალი: არა, პეპერონით

BBC-ის ინფორმაციით, ამ გოგონას დედა მისი პარტნიორისაგან ძალადობის მსხვერპლი  არაერთხელ გამხდარა. მანამ, სანამ ის 911-ის “პიცას გამოიძახებდა”, კაცმა ქალს დაარტყა ისე, რომ ეს უკანასკნელი კედელს მიენარცხა.

ამავე ინფორმაციის თანახმად, მანამდე ამერიკულ სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის გამოძახება ასეთი საიდუმლო გზებით შესაძლებელი იყო, ხოლო საიდუმლო სიტყვა “პეპერონი” იყო. თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ მეთოდმა იმუშავა. სამართალდამცავი ორგანოები მედიაკამპანიასაც კი ატარებდნენ, რომ 911-ზე პიცის შეკვეთა მითი იყო და ამის გაკეთება არ შეიძლებოდა.

“ამის შესახებ ფეისბუკზე მეც წამიკითხვას, თუმცა ინსტრუქტაჟის დროს ამაზე ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს. მე სხვა დისპეჩერებსაც გავესაუბრე, ისინი ამბობენ, რომ უბრალოდ ზარს გათიშავდნენ”, – ამბობს დისპეჩერი ტიმ ტენეიკი, რომელმაც ორეგონელი გოგოს ზარს უპასუხა და პიცის შეკვეთის ამბავი სწორად გაშიფრა.

რა უნდა გავაკეთოთ თუ საქართველოში გავხდით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი? – 112 ესაა ნომერი, რომელზეც უნდა დავრეკოთ. გარდა ამისა არსებობს 112-ის აპლიკაცია, რომელსაც შსს-ს ცნობით, აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა ჩუმი განგაშის გაგზავნა 112-ში (SOS) და ოპერატორთან მიმოწერა („ჩატი“). ამ ფუნქციების გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ აქვს საუბრის საშუალება ან ზარის განხორციელებით ექმნება საფრთხე.

მასალების გადაბეჭდვის წესი