ახალი ამბები

თბილისში მეხსიერების ჩემპიონატი ჩატარდება

1 დეკემბერი, 2019 • 1049
თბილისში მეხსიერების ჩემპიონატი ჩატარდება

კვირას,  პირველ დეკემბერს 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ, თბილისი წინანდლის ქუჩა #9) საქართველოს მეხსიერებითი სპორტის ფედერაციის, მეხსიერების აკადემიისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით, გონებრივი შეჯიბრი – მეხსიერების ჩემპიონატი ჩატარდება.

მეხსიერების ჩემპიონატი წარმოადგენს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ შეჯიბრს, რომელშიც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ციფრების, სიტყვების, ადამიანების სახელებისა და სახეების, გეომეტრიული ფიგურებისა და თარიღების დამახსოვრებაში.

შეჯიბრი „ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციისა” და დავით აღმაშენებლის  საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, მეხსიერების ჩემპიონატის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია ეროვნული რეკორდის დამყარება ტელეფონის ნომრების ზეპირად დასახელებაში (5–წუთიან დროის მონაკვეთში) და 2-გზის მსოფლიო რეკორდსმენის – ვაკო მარჩილაშვილის მასტერკლასი რუბიკის კუბის ბრმად (დამახსოვრებით) აწყობაში.

“გამარჯვებულები კატეგორიებისა და საერთო შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან. საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდებიან მედლებით, სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით.

აღსანიშნავია, რომ მეხსიერების ჩემპიონატი 1991 წლიდან იღებს სათავეს და ამჟამად უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული – ყოველწლიურად იმართება ეროვნული, კონტინენტური, საერთაშორისო და მსოფლიო ჩემპიონატები.მეხსიერების ჩემპიონატი საქართველოში წელს მეორედ ტარდება”, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი