ახალი ამბები

მერჩივნა, პოლიტიკოსის ნაცვლად, მებაღე ვყოფილიყავი – ივანიშვილი

1 დეკემბერი, 2019 • 3957
მერჩივნა, პოლიტიკოსის ნაცვლად, მებაღე ვყოფილიყავი – ივანიშვილი

„ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი ძალები და არა დესტრუქციული ძალები. გვერდზე გავდგები, როცა ვნახავ, რომ ჯანსაღი ძალები იბრძვიან ძალაუფლებისთვის“, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი ამერიკულ გამოცემა „ბლუმბერგთან“ საუბარში.

ბლუმბერგმა 30 ნოემბერს გამოაქვეყნა სტატია ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, სათაურით: „თბილისის არეულობა ქართველი მილიონერის ოცნებას კოშმარებით ემუქრება“.

სტატიის ავტორების, ჰუგო მილერისა და ჰელენა ბედველის, თანახმად, ივანიშვილთან ინტერვიუ 8 ნოემბერს ჩაწერეს მის მშობლიურ იმერეთში, საჩხერის სოფელ ჭორვილაში.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ივანიშვილი მათთან საუბარში რამდენიმე საინტერესო ფრაზას ამბობს. მაგალითად:

„რომ გვქონოდა არჩევანი ქართულ ოცნებასა და ნებისმიერ სხვას შორის, გარდა ნაციონალური მოძრაობისა, წავიდოდი და ვეღარ მნახავდით ვერც პოლიტიკაში ან პარლამენტში… ჩემს სოფელს არ დავტოვებდი“…

„მერჩივნა, პოლიტიკოსის ნაცვლად, მებაღე ვყოფილიყავი“…

რუსეთთან ურთიერთობის შესახებ ამბობს:

„სიგიჟეა, რაც რუსეთმა გააკეთა [ამბობს 2008 წლის ომზე]… მაგრამ თუ კედელს ავაშენებთ, სიძულვილის ენის გამოყენებას დავიწყებთ და ვაგინებთ ერთმანეთს, როგორც სააკაშვილი აკეთებდა, სიტუაცია თავისით არასოდეს მოგვარდება“.

ივანიშვილის პასუხად სტატიაში მოყვანილია ენმ-ის წევრის, პარლამენტარი სალომე სამადაშვილის კომენტარი: „ის ცხადად ამჟღავნდებს მზარდ ავტორიტარულ ტენდენციებს. სჯერა, რომ უფლება აქვს, გადაწყვეტოს არა მხოლოდ ის, თუ ვინ უნდა იყოს მთავრობაში, არამედ ოპოზიციაშიც“.

მასალების გადაბეჭდვის წესი