ახალი ამბები

ზარდიანთკართან დაკავებულ მოქალაქეს ცხინვალში ნარკოდანაშაულს ედავებიან – „რეს“

30 ნოემბერი, 2019 • 1507
ზარდიანთკართან დაკავებულ მოქალაქეს ცხინვალში ნარკოდანაშაულს ედავებიან – „რეს“

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვართან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 50 წლის გენადი ბესტაევი, დააკავეს, პატიმრობა შეუფარდეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს, – წერს ოსური სააგენტო „რესი“.

მათ თანახმად, დე ფაქტო უწყებას საქმე აღძრული აქვს ორი, საზღვრის კვეთისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის, მუხლით და ბესტაევს ედავებიან 9 გრამი მარიხუანის ფლობას.

„დადგინდა, რომ ეს პირი განმეორებით იქნა დაკავებული მსგავსი დანაშაულისთვის და იგი ექვემდებარება ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას“, – წერია იქაური კგბ-ს განცხადებაში.

„რეს“-ის ცნობით, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ბესტაევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბესტაევი ზარდიანთკარში დააკავეს 21 ნოემბერს. ადგილობრივი გამოცემა „ქართლი.ჯის“ ცნობით, გენადი ბესტაევის სახლი ზარდიანთკარში იმ ადგილას დგას, სადაც გამყოფი ხაზია და ღობეა გავლებული.

როგორც ბესტაევის ბიძა „მთავარ არხთან“ საუბარში ამბობს, ის უკვე მეხუთედ დააკავეს. qartli.ge-ს ცნობით, ის 2017 წელს ცხინვალში ცოლ-შვილის სანახავად გადასვლისას დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი