ახალი ამბები

“ბიბლიური თავისუფლება” მღვდელმსახურებს “მონანიების” საშუალებას 50 ლარად სთავაზობს

29 ნოემბერი, 2019 • 3179
“ბიბლიური თავისუფლება” მღვდელმსახურებს “მონანიების” საშუალებას 50 ლარად სთავაზობს

“გირჩის” მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება” საკუთარ მღვდელმსახურებს “მონანიებისა” და ეკლესიის მსახურებიდან გასვლის შესაძლებლობას აძლევს.

როგორც “გირჩი” აცხადებს, მღვდელმსახურის სტატუსის გასაუქმებლად “ბიბლიური თავისუფლების” წევრები “გირჩის” ოფისში, ბესიკის 4-ში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 14:00-დან 17:00 საათამდე უნდა მოვიდნენ.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია – პირადობის მოწმობა, გაცემული მოწმობა, მისი ასლი ან კურთხევის საფასური.

“მონანიების” დოკუმენტის გაცემის საფასური 50 ლარია. “გირჩის” ცნობით, “ბიბლიური თავისუფლების” რიგებში 30 ათასამდე მღვდელმსახური ირიცხება.

“გირჩმა” რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება” იმ მიზნით დააფუძნა, რომ ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს. “ბიბლიური თავისუფლების” მიერ გაცემული მღვდელმსახურის ცნობით ახალგაზრდებს სამხედრო სამსახურს უვადებენ.

“მონანიების” მექანიზმის შემოღებას წინ უძღოდა რამდენიმე კვირის წინ მომხდარი შემთხვევა. ავტოავარიაში დაიღუპა 24 წლის კაცი, რომელსაც სწორედ “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახურის ცნობა ჰქონდა აღებული. მართლმადიდებელმა ეკლესიამ კი დაღუპულის ოჯახს მისთვის წესის აგებაზე უარი სწორედ იმ მოტივით უთხრა, რომ ის სხვა ეკლესიის წევრი სიცოცხლეში გახდა და აღნიშნული არ მოუნანიებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი