ახალი ამბები

EBRD თბილისის მერიას ავტობუსებისთვის 80 მლნ ევროს ოდენობის სესხს მისცემს

29 ნოემბერი, 2019 • 1730
EBRD თბილისის მერიას ავტობუსებისთვის 80 მლნ ევროს ოდენობის სესხს მისცემს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თბილისის მერიას 200 ავტობუსის შესაძენად და დეპოს მშენებლობისთვის 80 მილიონი ევროს ოდენობით სესხს მისცემს.

დედაქალაქის მერიის განცხადებით, კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ჰანსენმა პროექტის მხარდაჭერის შეთანხმება გააფორმეს.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მოსახლეობას გამართულად მოემსახუროს და ჩანაცვლდეს ის ყვითელი ავტობუსები, რომელთა მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ჩანაცვლების პროგრამა უკვე დავიწყეთ, შემოყვანილი გვყავს ახალი ავტობუსები და საზოგადოებაც ხედავს ქალაქში მოძრავ 10-მეტრიან და 8-მეტრიან ახალ ავტობუსებს. დღევანდელი ხელშეკრულებით გამოიყოფა 80 მილიონი, საიდანაც 65 მილიონი მოხმარდება დამატებითი ავტობუსების შემოყვანას.

გარდა ჩანაცვლებისა, მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ავტობუსების დამატება. გვაქვს უბნები რაიონებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან თუ მოძრაობს, ძალიან დიდხნიანი ლოდინი უწევთ მგზავრებს. ეს პრობლემა აუცილებლად იქნება მოგვარებული. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ საზხოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში იქნება ყველაზე სწრაფი და კომფორტული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დღესვე კატარინა ჰანსენმა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ივანე მაჭავარიანთან ერთად ხელი მოაწერა სასესხო შეთანხმებას. მერიის განცხადებით, აღნიშნული პროექტი წარმოადგენს 2016 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გაფორმებული პროექტის გაგრძელებას.

კერძოდ, ახალი შეთანხმებით, EBRD გამოყოფს სესხს 80 მილიონი ევროს ოდენობით, საიდანაც 65 მლნ ევრო გათვალისწინებული იქნება 200 ავტობუსის შესაძენად, ხოლო 15 მლნ ევრო – დეპოს მშენებლობისთვის.

მერიაში აღნიშნავენ, რომ 2016 წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტში შეიძინეს და ამჟამად ქალაქის მოსახლეობას ემსახურება ეკოლოგიურად ეფექტური, გაზზე მომუშავე 143 ავტობუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი