დარღვევები თბილისის საკრებულოს წევრების დეკლარაციებში – TI-ის კვლევა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს ყველა წევრის სამეწარმეო საქმიანობის შესწავლის შედეგად რამდენიმე დარღვევა გამოავლინეს.

ორგანიზაციის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ:

  • საკრებულოს 10 თანამდებობის პირს არასრულად აქვს დეკლარირებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა;
  • ექვსმა კერძო კომპანიაში საკუთარი წილი მართვის უფლებით სხვა პირს არ გადასცა;
  • ერთი იკავებს დირექტორის პოზიციას კერძო კომპანიაში, რითაც ეწევა თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიმართავს “საჯარო სამსახურის ბიუროს”, შეისწავლოს ამ თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, თბილისის საკრებულოს 50 წევრიდან თანამდებობის პირის სტატუსი 27-ს აქვს. დანარჩენი 23 წევრისგან განსხვავებით, საკრებულოს თანამდებობის პირებს დამატებითი უფლებამოსილება აქვთ და შესრულებული სამუშაოსთვის იღებენ ხელფასს ქალაქის ბიუჯეტიდან, რის გამოც მათ ეკრძალებათ სამეწარმეო საქმიანობა და ვალდებულნი არიან ყოველწლიურად შეავსონ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, სადაც ისინი საჯაროდ ამჟღავნებენ მათ და მათი ოჯახის წევრების ქონებასა და მიღებულ შემოსავალს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, ქონებრივი დეკლარაციის შევსება მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული მექანიზმია. ის ორ ძირითად მიზანს ემსახურება:

  1. საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესაძლო შემთხვევების აღმოჩენა და პრევენცია;
  2. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგი უკანონო გამდიდრების აღკვეთის მიზნით.

2019 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები აღარ ავსებენ ქონებრივ დეკლარაციას, მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობის პირები არიან და შესაბამის ხელფასს იღებენ. ამასთანავე, საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრები, რომლებსაც არ ევალებათ დეკლარაციის შევსება, რეგულარულად იღებენ ხარჯების ანაზღაურების სახით ფიქსირებული რაოდენობის თანხას. როგორც “საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველო” მიიჩნევს, ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევების გამოვლენისა და პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საკრებულოს თითოეული წევრი ასაჯაროებდეს ინფორმაციას საკუთარი კომერციული ინტერესების შესახებ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ქონებრივ დეკლარაციებსა და საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით შეისწავლა თბილისის საკრებულოს წევრების და მათი ოჯახის წევრთა სამეწარმეო საქმიანობა და გამოავლინა, რომ:

  • თბილისის საკრებულოს 50 წევრიდან 26 დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან. მათი უმრავლესობა  (23) მმართველი პარტიის წევრია;
  • საკრებულოს 27 თანამდებობის პირიდან 14 დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან. მათგან ხუთის ოჯახის წევრს გააჩნია ბიზნესინტერესი;
  • საკრებულოს 23 არათანამდებობის პირი წევრიდან 12-ს გააჩნია კომერციული ინტერესი. 7 მათგანი საკრებულოს წევრობის პარალელურად იკავებს მმართველ პოზიციას საკუთარ კომპანიაში.

ორგანიზაციისვე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქონებრივი დეკლარაციის ვალდებულება საკრებულოს იმ წევრებსაც ჰქონდეთ, რომლებსაც თანამდებობები არ უკავიათ და ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით ამ დოკუმენტის შევსების ვალდებულება არ აქვთ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიაჩნია, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა კომერციულ ინტერესს ატარებს თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მის მიერ არჩეული თითოეული ადამიანი, მიუხედავად მისი თანამდებობრივი სტატუსისა. ამისთვის შესაძლებელია საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრებისთვის ქონებრივი დეკლარაციების გამარტივებული ფორმის შემოღება, სადაც ყურადღება მათ და მათი ოჯახის წევრთა ეკონომიკურ ინტერესებზე იქნება გამახვილებული (კავშირებზე კერძო სექტორის კომპანიებთან), რაც ადგილობრივ თვითმმართველობაში ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციას შეუწყობს ხელს.

“დეკლარაციის შევსების საჭიროება საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრებისთვის კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება, თუ მათთვის ხარჯების ანაზღაურების პრაქტიკას გავითვალისწინებთ. საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრები არ იღებენ ოფიციალურ ხელფასს, თუმცა საკრებულოს რეგლამენტით (მუხლი 9) ცალკეული დავალებების შესრულებისთვის მათ უნაზღაურდებათ ხარჯი ზღვრული მოცულობით – ყოველთვიურად მაქსიმუმ  3,200 (2019 წლამდე – 2,500).

თბილისის საკრებულოსგან გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრები (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ანაზღაურების სახით ყოველთვიურად იღებენ მაქსიმალურ თანხას – 2,500 ლარს 2017-2018 წლებში და 3,200 ლარს 2019 წლიდან (იხ. ბმული). სხვა სიტყვებით, ხარჯების ანაზღაურებას პრაქტიკაში ხელფასის სახე აქვს”, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველო”.

შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციისთვიის გაუგებარია, რატომ ვრცელდება ქონების დეკლარირების ვალდებულება საკრებულოს წევრების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც ოფიციალურად იღებს ხელფასს და არა, მაგალითად, კვლევის ფარგლებში გამოვლენილ იმ 12 არათანამდებობის პირ წევრზე, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და ამის პარალელურად ყოველთვიურად იღებენ ანაზღაურებას ქალაქის ბიუჯეტიდან.

საკრებულოს რომელი წევრი რა ტიპის სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, უფრო დეტალურად ნახეთ აქ:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.