ლონდონის ეკონომიკური სკოლის ევროპული ინსტიტუტის მკვლევარი, ამჟამად ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მრჩეველი, ანალიტიკოსი მაქს ფრასი, რომელიც საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოდიოდა, საზღვარზე შექმნილ პრობლემაზე წერს.
ფრასი ქართველ მესაზღვრესთან დიალოგის შესახებ ინფორმაციას ტვიტერზე აქვეყნებს:
„თბილისის აეროპორტის საპასპორტო კონტროლი საშინელებაა… ჩამოსულმა, პოლიციის ოფიცერს წარვუდგინე თვითმფრინავის ბილეთები და პასპორტი. ოფიცერმა შეამჩნია, რომ პასპორტში არაერთი ქართული შტამპია ჩარტყმული და მეკითხება:
– სად არის თქვენი ბინადრობის ნებართვა?
– არ მაქვს, მხოლოდ ვიზიტით ვარ.
– რას საქმიანობ?
– ევროპის საბჭოს/ევროკავშირის კონსულტანტი ვარ.
– რის შესახებ?
– სამოქალაქო საზოგადოება…
– ???
– აი, „ენჯეოები“ [არასამთავრობო ორგანიზაციები, ინგ. NGOs]…
– „არ მიყვარს შენი “ენჯეოსები”… სხვა რიგში გადადი!
– უკაცრავად, რა?
– ხომ გაიგე… ეს ჩემი ქვეყანაა და არა შენი”.
მისი თქმითვე, მესაზღვრემ სახელისა და გვარის თქმაზე უარი უთხრა.
მიუხედავად იმისა, რომ მაქს ფრასის ცნობით, შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართა ამ ეპიზოდის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ „მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია“ და მომხდარს არ ადასტურებენ.
„15 წელია, საქართველოში ჩამოვდივარ და მსგავსი არაფერი გამომიცდია“, – წერს იგი. ფრასი, რომელიც ქვეყნის ხშირი სტუმარია და აქაური მეუღლე ჰყავს, ამბობს, რომ ქართულ ენას ფლობს და ზუსტად გაიგო ის სიტყვები, რაც მესაზღვრემ უთხრა.
„ნეტგაზეთს“ ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს, რომ მაქს ფრასი მართლაც არის კონსულტანტი რეგიონული პროექტისა, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.
Tbilisi Airport passport check shock horror..
Producing my passport + boarding passes to the police officer.
He spots the (many) Georgian passport stamps.
– “where is your residence permit”
– I don’t have one, I am only visiting
– what do you do? 1/4— Max Fras (@maxfras) November 29, 2019
