ახალი ამბები

ხაზარაძემ „ცნობილ ფიგურებთან“ ახალი კავშირის შექმნა დააანონსა

28 ნოემბერი, 2019 • 2386
ხაზარაძემ „ცნობილ ფიგურებთან“ ახალი კავშირის შექმნა დააანონსა

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ხვალ, 29 ნოემბერს, საზოგადოების ცნობილ სახეებთან ერთად გამოაცხადებენ ახალი კავშირის შექმნას, რომელიც გააჩენს „ორი გაბატონებული ძალის“ ალტერნატივას, თუმცა ჯერჯერობით არ დაუსახელებია, კონკრეტულად, ვისთან ერთად აპირებს განცხადების გაკეთებას.

„ეს არ არის ჯერ გაერთიანება, ეს არის ერთობლივი კონსულტაცია და იმ ალტერნატიული ცენტრის მშენებლობის ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც იქნება ალტერნატივა ამ ორი გაბატონებული ძალისა, რომლის ტყვეობაში ვართ დიდი ხანია და რის გამოც შეიქმნა ლელო, რომ შეცვალოს პარადიგმა. ეს იქნება ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“, — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში 28 ნოემბრის საღამოს.

მისი თქმით, მის გვერდით იდგებიან „საკმაოდ საინტერესო ადამიანები, ცნობილები ჩვენი საზოგადოებისთვის“. აქამდე ხაზარაძე ამბობდა, რომ მის გუნდში ცნობილი პოლიტიკური სახეები არ იქნებოდნენ, ახლა გადაწყვეტილების შეცვლას კი ასე ხსნის:

„ეს შეიცვალა იმიტომ, რომ ჩვენ ბოლო 2 თვის განმავლობაში ამ პროპორციული არჩევნების უფლების წართმევით რეალობა შეიცვალა და გაცილებით სწრაფად გვიწევს პოზიციების მობილიზაცია. შესაბამისად, საკმაოდ დიდი ფრონტის გაშლას ვაპირებთ, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ რთული მდგომარეობიდან“.

მისი თქმით, მათ პროპორციული არჩევნების იდეა აერთიანებთ. მას არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის გაერთიანებაზეა საუბარი. „ჩვენ ვაკეთებთ მიზანმიმართულად სერიოზული გუნდის ჩამოყალიბების პროცესს. ეს იქნება ფორმა, რომელიც არჩევნებს მოიგებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი