ახალი ამბები

მაჭვარიანის ცნობით, “ყალბი დღგ-ს საქმის” ფიგურანტების დიდი ნაწილი ყოფილი ჩინოვნიკია

28 ნოემბერი, 2019 • 2266
მაჭვარიანის ცნობით, “ყალბი დღგ-ს საქმის” ფიგურანტების დიდი ნაწილი ყოფილი ჩინოვნიკია

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ბოლო მონაცემებით, ყალბი დღგ-ების საქმეზე 102 პირის მიმართ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელთაცან 62 ადამიანი პატიმრობაში იმყოფება, 11 – იძებნება.

მინისტრის თქმით, დაკავებული პირების დიდი უმრავლესობა ყოფილი ჩინოვნიკია:

“ძნელია ამ 62 ადამიანისთვის ბიზნესმენის დარქმევა, მათი დიდი ნაწილი სახელმწიფო უწყების ყოფილი თანმშრომელია, მათ შორის- საგამოძიებო  და საშემოსავლო სამსახურის, ასევე, ზოგი მათგანი მუშაობდა პროკურატურაში. ესენი ყოფილი ჩინოვნიკები არიან.

რამდენიმე  არის კვაზიბიზნესმენი, რომელიც არასოდეს ყოფილა ბიზნესმენი. ზოგი 10,  5 წლის წინ სხვადასხვა თაღლითურ სქემებში მონაწილეობდა. ზუსტად იგივე დღგ-ს თაღლითობაზე იყვნენ ნასამართლევი. კითხვა თუ არის ახლა, მოქმედი თანამშრომელი როგორ შეიძლება არ იყოს ჩართული, ღიად გეუბნებით, თქვენ გინახავთ ასეთი მასშტაბის  ოპერაცია, სადაც 62 ადამიანია დაპატიმრებული და 102 ადამიანზეა სისხლის სამართლის საქმე, მე მგონი, საქართველოს ისტორიაში ასეთი საქმე ბევრი არ ყოფილა”, – ამბობს მაჭავარიანი.

ფინანსთა მინისტრის თქმით, გამოძიებაში თითქმის ყველა ძალოვანი უწყება იყო ჩართული და რომელიმე მოხელის ბრალეულობა რომ გამოკვეთილიყო, მათ ხელს არავინ დააფარებდა.

მინისტრის თქმით, საქმის ფარგლებში ყადაღა ადევს, ჯამში, 123 მილიონი ლარის ქონებას, რომელთა შორის არის ძვირფასი ლითონები, საწვავი, ძვირფასი მანქანები, ფულადი თანხა და სხვა ქონება:

“წლიდან წლამდე რისკების პროფილები იხვეწება. მაგრამ, რა თქმა უნდა, იხვეწება თაღლითების მხარეც. ჩვენ საკმაოდ მასშტაბური ოპერაცია ჩავატარეთ. ამოღებული იყო თანხები, რამდენიმე კილოგრამი ოქრო და ძვირფასეულობა, 6.3 მილიონი ლარის ღირებულების საწვავი.  ჯამში, 123 მილიონის ქონებაა დაყადაღებული”, – ამბობს მინისტრი.


აღნიშნულ საქმეზე თავდაპირველად განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის აგვისტოში გაავრცელა. უწყებაში ამბობდნენ, რომ გამოავლინეს და თავიდან აიცილეს 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის:

“გამოძიებით დადგენილია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებისა და არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებს საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში,  რეგისტრირებული ჰქონდათ კომპანიები, რომელთა სახელითაც ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურებს. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დღგ-ს დაბრუნების სისტემაში სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმისთვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი სქემა, რომლის მეშვეობითაც კომპანიები შექმნილ ყალბ აქტივებს იყენებდნენ მათ მიერ საქართველოში იმპორტირებული საქონლის, ძირითადად ნავთობპროდუქტების, განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად:

“გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, გამოყენებული აქტივის ოდენობა ათეულობით მილიონი ლარია.  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების და ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, დაყადაღდა ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების უძრავ-მოძრავ ქონება და საბანკო ანგარიშები. ამოღებული იქნა მილიონ ლარზე მეტი ნაღდი ფული და დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ნაკეთობები. საქმეზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება ამ და სხვა დანაშაულებრივ სქემებში მონაწილე შესაძლო დამნაშავე პირთა გამოვლენა-მხილების მიზნით” ,– აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3, 210-ე მუხლის მე-2, 218-ე მუხლის მე-2 და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი