ახალი ამბები

კალაძის ცნობით, გლდანში გზების გაკეთება საბოლოოდ თებერვლამდე არ დასრულდება

28 ნოემბერი, 2019 • 1207
კალაძის ცნობით, გლდანში გზების გაკეთება საბოლოოდ თებერვლამდე არ დასრულდება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, კახეთის გაზატკეცილზე საგზაო სამუშაოები ორ დღეში დასრულდება, თუმცა მთლიანად პროექტი დეკემბრის ბოლოს დასრულდება. კახა კალაძის თქმითვე, გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, გზის სამუშაოებს დეკემბერში, მთლიანად პროექტს კი თებერვალში დაასრულებენ. აქამდე ცნობილი იყო, რომ პროექტი ნოემბერში უნდა დასრულებულიყო.

“კახეთის გზატკეცილზე ორ დღეში გზა გაიხსნება, თუმცა დარჩება სამუშაოები, როგორებიცაა განათების ბოძების დემონტაჟი და ახლის დაყენება. ეს სამუშაოები დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. რაც შეეხება გლდანს, დეკემბრის ბოლოს ქვედა ფენებში ორივე ქუჩა მოწყობილი იქნება. პარალელურად, დაიწყება ტროტუარების მოწყობა. განათების ბოძები აქაც შეიცვლება. ამ შემთხვევაში პროექტი სრულად თებერვალში დასრულდება”, – უთხრა კალაძემ ნეტგაზეთს.

მერიას გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია 12 მლნ ლარამდე უჯდება.  მერიის ინფორმაციით, ამ ქუჩებზე მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ტროტუარები და ბორდიური, დაიგება ასფალტის ახალი საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ მოექცევა.

რაც შეეხება კახეთის გზატკეცილს, მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაცია უტარდება კახეთის გზატკეცილის 9.5 კმ სიგრძის ორივე მიმართულების სავალ ნაწილს. აქ სამუშაოები 2019 წლის აპრილში დაიწყო. პროექტზე მერია 45 მლნ ლარს ხარჯავს.

გლდანში და სხვა უბნებში გაჭიანურებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოების შესახებ კალაძემ ჯერ კიდევ სექტემბერში ისაუბრა. კალაძემ კონტრაქტორი კომპანიები გააკრიტიკა და სამუშაო ჯგუფების დამატება მოსთხოვა.

“ჩვენ როცა მივდივართ სამუშაოების დასათვალიერებლად, გვაჩვენებენ, რომ ყველა მუშაობს, მიდის ფუსფუსი, გამოვდივართ და სამი დღის შემდეგ ხუთი-ექვსი კაცი მუშაობს”, – თქვა სექტემბერში კალაძემ. იმ დროს ცნობილი იყო, რომ პროექტი ნოემბერში უნდა დასრულებულიყო.

ხიზანიშვილის ქუჩა გლდანის მიკრორაიონებს მეტროსადგურ ახმეტელის თეატრთან აკავშირებს. აღნიშნული ქუჩა, თითქმის მთელი სიგრძე, რამდენიმეკილომეტრიანი მონაკვეთი, 2019 წლის მაისის შემდეგ გადათხრილია. შესაბამისად, ათასობით მოქალაქისთვის გადაადგილება გართულებულია როგორც მეტროსადგურის, ისე ქალაქის მიმართლებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი