ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზურის მასწავლებელი [ვიდეო]

28 ნოემბერი, 2019 • 1870
აფხაზურის მასწავლებელი [ვიდეო]

ლიანა აიკუცბა ფერიის საჯარო სკოლაში 25 ბავშვს აფხაზურ ენას ასწავლის. პროფესიით ლინგვისტია, თარჯიმანი. რუსულიდან ქართულად და პირიქით, თარგმნის. აფხაზური მისი მშობლიური ენაა.

“ბებია-ბაბუამ მასწავლა. ოჯახში სულ აფხაზურად ვლაპარაკობდით. როდესაც უმაღლესი განათლება მივიღე, ჩემი  ენა როგორ არ უნდა ვიცოდეთქო და  წერა-კითხვა ჩემით ვისწავლე,” – ამბობს ლიანა აიკუცბა “ნეტგაზეთთან”  საუბარში.

მისი წინაპრები მუჰაჯირობის დროს გადმოსახლდნენ აფხაზეთიდან აჭარაში და ბათუმთან ახლოს, სოფელ ფერიაში დასახლდნენ. ფერიაში აფხაზები ქართველებთან ერთად დღესაც ცხოვრობენ. მათ შორის ბევრია შერეული ოჯახები.

“აფხაზეთში როცა ჩავდიოდი და მეკითხებოდნენ ვინაობას, ვეუბნებოდი აჭარელი აფხაზი ვართქო. ახლაც, როცა ამბობენ “აჭარელი აფხაზიო” მსიამოვნებს.  ჩემი ისტორიული სამშობლო კი არის აფხაზეთი, მაგრამ ჩემი ცხოვრება აჭარას უკავშირდება. ჩემი ღელე-ღურდანიო რომ იტყვიან, აქ ყველაფერი ძალიან ძვირფასია,” – იხსენებს ლეილა აიკუცბა.

https://www.facebook.com/netgazeti/videos/284269429132391/?v=284269429132391

სტუდენტობა აფხაზეთში გაატარა, მას შემდეგ იქ აღარ ყოფილა. ლიანა აიკუცბას თქმით, აჭარაში მცხოვრებმა ბევრმა  აფხაზმა არ იცის აფხაზური ენა. განსაკუთრებით ახალმა თაობამ. ამიტომ ხუთი წლის წინ, აჭარის განათლების ფონდის ინიციატივით დაწყებული აფხაზური ენის გაკვეთილები, ორმაგად მნიშვნელოვანია.

“აფხაზური ენის სწავლა იმიტომაა შესაძლებელი, რომ ენაში გამოიხატება ყველაფერი. სული, სულიერება. მის ენაზე რომ საუბრობ, ის უფრო გენდობა და უფრო სხვანაირად გეპყრობა. შენც უფრო მოწიწებით და პატივისცემით ეპყრობი,” – ამბობს ლეილა აკუცბა.

ამჟამად სკოლაში აფხაზურის ორი ჯგუფია – ელემენტალური და დაწყებითი. ენის გაკვეთილებს 10 აფხაზი და 15 ქართველი ბავშვი ესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი