ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრი 100 ობიექტის პრივატიზაციას აანონსებს

28 ნოემბერი, 2019 • 1812
ეკონომიკის მინისტრი 100 ობიექტის პრივატიზაციას აანონსებს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს, ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად, აუქციონზე გასაყიდად ერთდროულად გამოაქვს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ასი ობიექტი. მათი ჯამური საწყისი ღირებულება, მინისტრის თანახმად, 150 მლნ ლარია.

„ჩვენ ხვალ გვაქვს მნიშვნელოვანი პრეზენტაცია, ეკონომიკის სამინისტრო და ქონების მართვის სააგენტო უკეთებს ქართულ ბიზნესს და არამარტო ქართულ ბიზნესს, უცხოელ ინვესტორებსაც, ახალი 100 საპრივატიზებო-საინვესტიციო შეთავაზებას“, — განაცხადა ნათია თურნავამ 28 ნოემბერს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

თურნავას თანახმად, „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთდროულად 100 საპრივატიზაციო ობიექტი გამოდის აუქციონებზე“.

ობიექტების შესახებ ყველანაირი დეტალი, მინისტრის განცხადებით, განთავსდება ქონების მართვის სააგენტოს საიტზე და თან დაერთვება რეკომენდაცია, თუ „რა ტიპის ბიზნესაქტივობა შეიძლება აქ იყოს დაფინანსებული და განვითარებული“; მის თანახმადვე, „შეთავაზებები მორგებულია გენგეგმებს იმ რეგიონებში, სადაც გენგეგმა დამტკიცებულია“.

ნათია თურნავას განცხადებით, „ქონების რეგისტრაცია და საზღვრების დაზუსტება წინასწარ მოგვარებულია. ერთადერთი, რაც ბიზნესმა გააკეთოს, აარჩიოს ამ ობიექტებს შორის და მიიღოს მონაწილეობა აუქციონებში, რომელიც მუდმივად გაიმართება მომდევნო თვეების განმავლობაში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი