ივანიშვილი: სააკაშვილს პოლიტიკური იმუნიტეტის შენარჩუნება შევთავაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი “იმედთან” იხსენებს 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან პირველ შეხვედრას.

როგორც ივანიშვილი ამბობს, ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტს პოლიტიკური იმუნიტეტი შესთავაზა განცხადებით გამოსვლისა და საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდის, შემდეგ კი- თანამდებობის დატოვების სანაცვლოდ, რაზეც სააკაშვილმა უარი თქვა:

“მე ვარწმუნებდი სააკაშვილს, პირველად რომ ავედი მის რეზიდენციაში, ძალიან მოკლე შეხვედრა გვქონდა. რა პოზაში დამხვდა და როგორ იჯდა მოკუნტული, მაგაზე აღარ ვსაუბრობ. ჩაის ვერ სვამდა, გავუნელე ჩაი და დავალევინე, აწიე თავი-მეთქი, მიშას ვეუბნებოდი. აბა, რამდენი კარგი რჩევა მომიცია შენთვის, გაიხსენე-მეთქი, ერთს ვერ გაიხსენებ, რომ რაღაც შენთვის და ქვეყნისთვის არასაკეთილდღეო ყოფილიყო-მეთქი.

ახლა მოგცემ საუკეთესო რჩევას და გასწორდი-მეთქი, გასწორდა წელში. ახლა შენ რომ გამოხვიდე, ხალხს ბოდიში მოუხადო, უთხრა, გულწრფელად ვცდილობდი ჩემი ქვეყნის განვითარებას, რაღაც გამომივიდა, რაღაც არ გამომივიდა, არ გახდა მოსაწონი საზოგადოებისთვის, მე გულწრფელად განვიცდი ამას, მოვიდა ახალი გუნდი, მე მათ ხელს აღარ შევუშლი, დავწერ დღეს განცხადებას და გავადგები-თქო. ვუთხარი, გარწმუნებ, შენ პოლიტიკურ იმუნიტეტს შეინარჩუნებ-მეთქი და პოლიტიკაში დარჩები ამ განცხადების შემდეგ.

ამის გაგების უნარი მას არ ჰქონდა და სწრაფადაც მივატოვე. თქვა, რომ მე საერთაშორისო თანამეგობრობას ვერ ვუღალატებ, რომ გადავდგეო, ვითომ სხვა მიზეზი არ ჰქონია. შენ რომ დაგირეკა, 5 წუთის შემდეგ მე დამირეკა იმან და მითხრა ფეხი არ მოიცვალო აქედანო. მოკლედ, ასეთი ანეკდოტური იყო. არ ჰყავს ადამიანი, ვინც ანალიზს გაუკეთებს, რომ თეორიულად შეუძლებელია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში მოვიდეს”, – ამბობს ივანიშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.