ახალი ამბები

ენმ მალე აღარ იარსებებს, შეგვეძლება ვთქვათ, მედია თავისუფალია – მდინარაძე

26 ნოემბერი, 2019 • 1353
ენმ მალე აღარ იარსებებს, შეგვეძლება ვთქვათ, მედია თავისუფალია – მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იარსებებს, შეეძლება თქვას, რომ მედია „აბსოლუტურად თავისუფალია“.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც 26 ნოემბერს, პიკეტირების მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლის შემდეგ გაიმართა, მდინარაძემ განაცხადა:

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს, ოპერატორს, რომლებიც დღედაღამეს ასწორებენ იმისთვის, რომ ინფორმაცია გადასცენ საზოგადოებას. მათ იციან, რამდენად შეზღუდული იყო თავისუფლების ხარისხი 2012 წლამდე და რამდენად იზრდება დღითიდღე, ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ და როგორც სურთ“.

ამის შემდეგ მდინარაძემ თქვა, რომ რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის „მილევად რეჟიმში“, პირობას დებს, რომ „ძალიან მალე დამთავრდება ის დრო, როდესაც ჟურნალისტების ნაწილი, — მცირე ნაწილი, მაგრამ მაინც, — იქნება იძულებული, მაგალითად, გაეკიდოს იმას, ვინც არ გარბის“.

„და მე თქვენი პერსონალური პატივისცემის ფარგლებში იმასაც გეტყვით, რომ როდესაც არსებობენ პარტიული ტელევიზიები, გასაგებია ტენდენციური მიდგომა, მაგრამ როდესაც რესპონდენტი დგას, შეიძლება დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანი,  არსად არ მიდის, ბოლომდე ამომწურავად გპასუხობს კითხვებზე და როგორც კი პასუხებს ამოწურავს და მიდის ორი მეტრის იქით და იძულებული ხდები, გაეკიდო, ეს თავისუფლებაც… ეს იძულებაც არ გექნებათ მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობის“ კონკრეტული ტელევიზიები არ იარსებებენ“.

„იმიტომ კი არა, რომ ტელევიზიები და მედიასაშუალებები არ იარსებებენ. იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობა“ ძალიან მალე აღარ იარსებებს. და ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, რომ მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი. თუ ისინი წლების განმავლობაში ახორციელებდნენ ბულინგს, ისინი ამას აგრძელებენ დღესაც და დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფლების ხარისხი, თქვენგან დაწყებული, კიდევ უფრო გაიზრდება ამ ქვეყანაში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი