ახალი ამბები

კაკი ზოიძე ჯერ უმრავლესობაში რჩება

25 ნოემბერი, 2019 • 1179
კაკი ზოიძე ჯერ უმრავლესობაში რჩება

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელი კაკი ზოიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით უმრავლესობაში რჩება. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, პარტიაში არსებობს რესურსი, რომ პოლიტიკური პროცესები ისევ ნორმალურ ვითარებაში დაბრუნდეს.

“დღეს უმრავლესობამ არ გაიზიარა ის შეთავაზება, რაც მქონდა. მიმაჩნია, რომ ეს იქნებოდა ამ პოლიტიკურ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ გვეკითხა ხალხისთვის აზრი 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე. სამწუხაროა, რომ ეს ნაბიჯი არ გადაიდგმება. რაც შეეხება მომავალს, ვხედავ, რომ გარკვეული რესურსი ჯერჯერობით დარჩენილია პოლიტიკური პროცესების ნორმალურ კალაპოტში გადატანისთვის, რაც უახლოეს დღეებში გამოჩნდება. ამის მიხედვით საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ. ეს იქნება უახლოეს დღეებში. ამ ქვეყნისთვის ძალიან ცუდია პროცესების ასე გაგრძელება და აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა”, – ამბობს ზოიძე.

22 ნოემბერს კაკი ზოიძემ “ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, ჩაატარებინათ რეფერენდუმი ან პლებისციტი, რათა პროპორციული არჩევნების 2020 წელსვე ჩატარება მოხერხებულიყო. მისი განცხადებით, უმრავლესობის დატოვების ან მასში დარჩენის შესახებ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, თუ როგორ უპასუხებს „ქართული ოცნება“ ამ ინიციატივას. დღეს “ქართული ოცნების” სახელით კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2020-ის არჩევნებთან დაკავშირებით “თემა დახურულია” და შერეული სისტემა არ შეიცვლება. რაც შეეხება პლებისციტის თემას, კალაძე ამბობს, რომ ის 2020 წლის არჩევნებთან ერთად ან 2021 წელს გაიმართება, ოღონდ “ქართული ოცნების” მიერ დღეს შემოთავაზებული ინიციატივა უშვებს იმას, რომ შესაძლოა სრულად პროპორციული წესით არჩევნები არც 2024 წელს ჩატარდეს.

ამჟამად მოქმედი კონსტიტუცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებს, თუმცა ოცნება ამ საკითხის რეფერენდუმზე ან პლებისციტზე გატანას აპირებს. ამის შესახებ პარტიის გენმდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

“როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის. გუშინ და დღეს გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვერც ერთ ახალ ინიციატივას ვერ განვიხილავთ. თუმცა ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კეჭიყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს  დადგება”, – განაცხადა კალაძემ.

იმისათვის, რომ კონსტიტუცია ერთი მოწვევის პარლამენტმა შეცვალოს, საჭიროა 113 ხმის მობილიზება.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას 2020 წელსვე ითხოვს, ეს “ქართული ოცნების” დაპირებაც იყო, რომელიც არ შესრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი