ახალი ამბები

ევროსაბჭო და კონფლიქტი საქართველოში: მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება

13 მაისი, 2015 •
ევროსაბჭო და კონფლიქტი საქართველოში: მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1227-ე სხდომა 12 მაისს გაიმართა. დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა განიხილა და ხმათა უმრავლესობით  მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმა მისცა მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ).

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება, რომელშიც ხაზგასმულია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

 

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონებს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულებები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არ აქვს იურიდიული ძალა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ვალდებულებებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩათვლით.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ე.წ. ხელშეკრულებების ასეთი შეფასება პირველად მოხდა საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში.

 

დოკუმენტში ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა გამოხატა სერიოზული შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაცია განაგრძობს მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური დაბრკოლებების მონტაჟს, რომელიც იწვევს იქ მცხოვრებთა უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების, ოჯახური ცხოვრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევას.  

 

გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოების მიერ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლასთან დაკავშირებით ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას, ასევე მიესალმება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განზრახვას წლის ბოლომდე განახორციელოს ვიზიტი საქართველოს რეგიონში – აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან მიმდებარე ადმინისტრაციულ საზღვარზე, რათა მონიტორინგი გაუწიოს კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობას.

 

გადაწყვეტილებაში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ორგანოების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე.

 

“საყურადღებოა, რომ პირველად საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში დაფიქსირდა მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მან მისცეს შეუფერხებელი წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის განსახორციელებლად”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი