ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთსა და აზერბაიჯანში ჟურნალისტების გაცვლითი ვიზიტები შედგა

23 ნოემბერი, 2019 • 1896
სომხეთსა და აზერბაიჯანში ჟურნალისტების გაცვლითი ვიზიტები შედგა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში ჟურნალისტების გაცვლითი ვიზიტები შედგა.

“17-21 ნოემბერს ჟურნალისტების ჯგუფთა გაცვლა შედგა: სომხეთიდან და არწახიდან [მთიანი-ყარაბაღი] ჟურნალისტები აზერბაიჯანში, აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლები კი სომხეთსა და არწახში ჩავიდნენ.

პროგრამა მომზადებული იყო ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის უშუალო კოორდინაციითა და სომხეთის, არწახისა და აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებების მონაწილეობით”, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ანა ნაგდალიანმა.

ჟურნალისტებს შორის აზერბაიჯანიდან 1news.az-ის ჟურნალისტი და საინფორმაციო სააგენტო trend.az-ის მთავარი რედაქტორიც იყვნენ.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი