ახალი ამბები

პრეზიდენტი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

11 მაისი, 2015 • • 1172
პრეზიდენტი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის მთავარი თემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა და მაისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი იყო, სადაც აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამიტზე სათანადოდ შეფასდეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული პროგრესი.

 

„საქართველო მზად არის წვლილი შეიტანოს სამიტის საერთო წარმატებაში,  კონკრეტული შედეგების დემონსტრირების მეშვეობით“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

გიორგი მარგველაშვილმა  ელმარ ბროკს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში  პერსონალური წვლილისათვის და აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, პირადად უმასპინძლოს საქართველოში. სახელმწიფო მეთაურის განცხადებით, საქართველო აფასებს ევროპის პარლამენტის მხრიდან ჩვენი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხისა და საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას, აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ელმარ ბროკთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საგარეო უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო განაგრძობს შეუქცევად სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე და, როგორც ევროპის სანდო პარტნიორი, ასრულებს თავის ვალდებულებებს.

 

შეხვედრისას  რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილ ვითარება და რუსეთის პოლიტიკა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროპული მშვიდობა და უსაფრთხოება წარმოუდგენელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის გარეშე.

გიორგი მარგველაშვილი ელმარ ბროკს შეხვდა. 2015 წელი
გიორგი მარგველაშვილი ელმარ ბროკს შეხვდა. 2015 წელი

მასალების გადაბეჭდვის წესი