ახალი ამბები

სუს-თან აქციაზე შალვა ნათელაშვილის შვილი და 5 მომიტინგე დააკავეს

22 ნოემბერი, 2019 • 1079
სუს-თან აქციაზე შალვა ნათელაშვილის შვილი და 5 მომიტინგე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმდინარე აქციაზე მოძრაობა “გაბედეს” 6 წევრი დააკავეს.  აქტივისტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობისთვის ბოქლომის დადებას გეგმავდნენ, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც “ლეიბორისტული პარტიის” პრესსამსახურში აცხადებენ, დაკავებულებს შორისაა შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილიც.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 6 ადამიანი ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

ამასთან, დღეს 2 პირი დააკავეს მცხეთაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზეც. ერთ-ერთი დაკავებული “ევროპული საქართველოს” პრესსამსახურის თანამშრომელი თორნიკე დიასამიძე იყო. მცხეთაში დაკავებული ორივე პირი მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მათ შსს ედავება წვრილმან ხულიგნობას.

პარალელურად, პარტია “ევროპული საქართველოს” წევრები დილიდან ცდილობენ, ბოქლომები სიმბოლურად დაამაგრონ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს საქართველოს რეგიონებში. “დაბოქლომების” აქცია სხვადასხვა ქალაქში დღეს, 22 ნოემბერს, თითქმის ერთდროულად დაიწყო.

როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, ამ აქციის ჩატარებაში ხელს უშლიან როგორც პოლიციელები, ისე დაცვის სამსახურის თანამშრომლები და ხელისუფლების მხარდასაჭერად მობილიზებული ადამიანები.

როგორც პარტიის ოფიციალურ ფეისბუკვერდზეა აღნიშნული, “დაბოქლომების” აქცია დილიდან მიმდინარეობს ოზურგეთში, ახალციხეში, ხაშურში, რუსთავში, თელავში, წალენჯიხაში, ცხოროწყუში, ლაგოდეხში, თბილისის სხვადასხვა უბანში და ა.შ.  გარდა ჯაჭვიანი ბოქლომების დადებისა, “ევროპული საქართველოს” წევრები მაჟორიტართა ბიუროებს აკრავენ სტიკერებს, წარწერით “დალუქულია”.

პარტიის წარმომადგენლების თქმით, ეს არის სიმბოლური აქცია, რომლის მიზანიც არის იმის ჩვენება, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ქვეუყანაში ერთპიროვნულ მმართველობას, რაც პროპორციულ არჩევნებს უნდა დაესრულებინა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი