ახალი ამბები

შესაძლებელია ისეთ პარტიებთან კოალიცია, რომელთა მიზანი დესტაბილიზაციაა? – ვოლსკი

22 ნოემბერი, 2019 • 1310
შესაძლებელია ისეთ პარტიებთან კოალიცია, რომელთა მიზანი დესტაბილიზაციაა? – ვოლსკი

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან ნებისმიერ უკანონო მოქმედებას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

გიორგი ვოლსკიმ დღეს, 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გაიხსენა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს “ნაციონალური მოძრაობა” წინააღმდეგი იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი მხოლოდ “ქართულმა ოცნებამ” დააყენა პოლიტიკურ დღის წესრიგში და შესაბამისი ცვლილებები შეიტანა კონსტიტუციაში.

“პირველ რიგში, მსურს ერთი კარგად დავიწყებული ციტატა მოგაგონოთ: „პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების სისტემის შეცვლის გარდა, ყველა საკითხზე შესაძლებელია მოლაპარაკებები მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, საარჩევნო რეფორმაზე დაწყებული კონსულტაციების ფარგლებში, მაჟორიტარული არჩევნების სისტემის შეცვლის გარდა”, – ეს სიტყვები არ ეკუთვნით ჩვენს იმ კოლეგებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ საარჩევნო წესზე გადასვლას. ეს 2010 წლის 11 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაა, სადაც ის ხაზგასმით აღნიშავს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგია”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დეპუტატმა გაიხსენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ მხარს უჭერდა, არამედ ებრძოდა ამ იდეას.

“დღეს ქუჩაში გამოფენილ ოპოზიციას ბოიკოტი რომ არ გამოეცხადებინა ცვლილებებისთვის, პროპორციულ არჩევნებზე 2020 წლიდან გადასვლის საკითხი კონსტიტუციაში უკვე ასახული იქნებოდა. მიუხედავად ამისა, საერთო კონსენსუსის მიღწევისათვის “ქართულმა ოცნებამ” საკითხი კვლავ დააყენა დღის წესრიგში. მიმდინარე წლის 24 ივნისს, პარტიის თავმჯდომარის მიერ შესაბამისი განცხადების გაკეთების დროს, მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში, ერთ დღესაც არ ჩაუვლია “ქართული ოცნების” მიმართ ზღვარგადასული, უზრდელური განცხადებების, სხვადასხვაგვარი პერფორმანსების, აქციების და ესოდენ პოპულარული “ფეიკ-ნიუსების” გარეშე.

ამ ყველაფერმა კულმინაციას მიაღწია პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დღეს. სწორედ ამიტომ, რეალური საფუძველი შეიძინა ჩვენი კოლეგების ნაწილის მიერ დასმულმა კითხვამ – შესაძლებელია კი, ისეთ პარტიებთან ერთად კოალიციური პასუხისმგებლობის აღება სტაბილურობისათვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, რომელთა დღის წესრიგის მთავარი მიმართულება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა და არაერთგზის გაცხადებული რევოლუციური სცენარის განვითარებაა?!”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ , არცერთი საარჩევნო სისტემის პირობებში, საკანონმდებლო ჩარჩოებიდან გასვლის გარეშე გამარჯვების და სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოყვანის შანსი არ აქვს.

“ამიტომ ლამობენ მუდმივად რევოლუციურ სცენარს, ამიტომ მოქმედებენ ვეტერანი და მეორადი “კმარელების” გაკვეთილების საფუძველზე და ისევ დესტრუქციით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებით და სიცრუით ცდილობენ მიზნების მიღწევას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, მათ არაფერი გამოუვათ, სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე, კანონის სადარაჯოზე. შესაბამისად, ნებისმიერ სამართლადარღვევას, მათ ნებისმიერ უკანონო მოქმედებას, მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი