ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევს უკვირს, რას ერჩიან აზერბაიჯანს, როცა სხვა ქვეყნებში უფრო სასტიკად არბევენ დემონსტრანტებს

22 ნოემბერი, 2019 •
ალიევს უკვირს, რას ერჩიან აზერბაიჯანს, როცა სხვა ქვეყნებში უფრო სასტიკად არბევენ დემონსტრანტებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბულგარეთის შს მინისტრთან შეხვედრისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე საუბრის დროს, შეშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს სხვა, განვითარებულ ქვეყნებში სასტიკად არბევენ, თუმცა, მსოფლიო რატომღაც მხოლოდ აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებს აღიქვამს მძაფრად.

“ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ ტელევიზიით, როგორ ექცევა ზოგიერთი განვითარებული ქვეყნის პოლიცია დემონსტრანტებს, როგორ სცემს, კლავს, შლის გაზით, წყლით, ჯოხებით, ძაღლებით და დიდ სისასტიკეს იჩენს. მაგრამ რატომღაც ჩვენთან, აზერბაიჯანში დგება ყოველთვის ეს საკითხი –  საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებებზე მუშაობენ, რატომ არიან ჩუმად მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლის საკითხზე? აზერბაიჯანში მცირე ეპიზოდის შემთხვევაშიც, როცა ძალადობის გარეშე უკანონო მიტინგის შეზღუდვა ხდება, აკეთებენ განცხადებებს და ლამის ჩვენი ხელისუფლების დადანაშაულებას ცდილობენ. როდესაც ევროპაში ხდება მსგავსი რამ, მსხვერპლით, დარბევით და ა.შ. საერთაშორისო სტრუქტურები და უფლებადამცველი ორგანიზაციები ხმას არ იღებენ. ეს ორმაგი სტანდარტებია”.

აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ის არასანქცირებული მინიტინგები, რომლებსაც ოპოზიციური ძალები ან უფლებადამცველები მართავენ აზერბაიჯანში, ყოველთვის მათი დაშლითა და დემონსტრანტების დაკავებით სრულდება.

გარდა ამისა,  თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება სხვადასხვა ბრალდებით [მათ შორის ნარკოტიკების გავრცელების, თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების და ა.შ.], განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის. Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი